მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, კოალიციური მთავრობის საკითხი ჯერ საერთოდ არ უნდა იდგეს - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე

გუშინდელ შეხვედრას არ დავსწრებივართ და მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, კოალიციური მთავრობის საკითხი ჯერ საერთოდ არ უნდა იდგეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

სანიკიძის თქმით, ქართველი ხალხის დაკვეთა უფრო მრავლისმომცემია, ვიდრე კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე მსჯელობა, ვინ გაინაწილებს თანამდებობებს.

„კოალიციურ მთავრობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ძალიან დიდი მნიშვნელბა აქვს, რა არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას, ახალ საპარლამენტო არჩევნებზეა საუბარი, ვინ ატარებს ამ არჩევნებს, რა წესით ტარდება, როგორი ადმინისტრაციაა, როგორი საარჩევნო გარემოა – ამ შეკითხვას პასუხი რომ გაეცემა, შემდეგ შეიძლება, ვისაუბროთ კოალიციურ მთავრობაზე. ჩვენ 26 ოქტომბრამდეც გვერიდებოდა ამ საკითხზე საუბარი, რადგან მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხის დაკვეთა უფრო მრავლისმომცემია, ვიდრე კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე მსჯელობა, ვინ გაინაწილებს თანამდებობებს. განა ის არ გვესმის, რომ ჩრდილოვან კაბინეტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ, ამ თემაზე მსჯელობა, როდესაც 50 კაცზე მეტი დღეს პოლიტპატიმარია და მათი ოჯახის წევრებს უწევთ რუსთაველის გამზირზე ღამის გათენება, როდესაც ქვეყანა წყდება ევროპულ ცივილიზაციას, ამ ვითარებაში, ჩვენ მივიდეთ შეხვედრაზე და ვიმსჯელოთ ინფრასტრუქტურისა და სოფლოს მეურნეობის მინისტრები ვინ იქნებიან, ჩვენი საზოგადოების ეს არის დაცინვა“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

გუშინ „წინააღმდეგობის პლატფორმისა“ და ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრის შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ შემდეგი დღისთვის, ანუ კოალიციური მთავრობისთვის“.