1771362523
„მიგრაციის პოლიტიკასთან მიმართებაში, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვავლენთ" - გიორგი კახიანი
პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ. ირაკლი კობახიძე ისაუბრებს, რა ზომები ტარდება ქვეყანაში არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მიგრაციაზე მთავრობის პოზიცია პრემიერს გაცხადებული აქვს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოდან ამ მნიშვნელოვან თემაზე საუბარი მაინც საჭიროდ მიიჩნიეს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის თქმით, მიგრაციის პოლიტიკასთან მიმართებაში "ქართული ოცნება" განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს.
"მიგრაციის პოლიტიკასთან მიმართებაში, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვავლენთ. კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები ხორციელდება და ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, იქნება ეს სამართალდამცავები თუ შესაბამისი სამსახურები, როგორ აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა შესაბამისი ვიდეორგოლიც ჩაწერა და მიმართა საზოგადოებას, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საკითხზე მსჯელობა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდანაც მომხდარიყო. პრემიერი წარსდგება საქართველოს პარლამენტის და საზოგადოების წინაშე," - აცხადებს გიორგი კახიანი.











