მეგობრობის საპასუხოდ თავდასხმა და ცილისწამება ვერც ღირსებად და ვერც მადლიერებად ვერ ჩაითვლება. მეგობრობა ორმხრივია და ამ მეგობრობაში საქართველო პირნათელია - შალვა პაპუაშვილი რუსლან სტეფანჩუკს

შალვა პაპუაშვილი

 აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც უკრაინაში საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა, რაც დღემდე ასე რჩება. ელჩი, რომელიც ბომბების ქვეშ მყოფ კიევში ბოლომდე დარჩა მაშინაც კი, როცა ყველა სხვა ქვეყანამ საელჩო დაკეტა და კიევი მიატოვა,- ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას სპიკერს რულან სტეფანჩუკს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, უკრაინის ხელისუფლებას ყოველ ჯერზე რომ აეწონა საკუთარი სიტყვები და ქმედებები ქართველი ხალხის მიმართ, არც ჩემი შეფასება და არც თქვენი პასუხი საჭირო არ იქნებოდა.

მისი თქმით, მეგობრობის საპასუხოდ თავდასხმა და ცილისწამება ვერც ღირსებად და ვერც მადლიერებად ვერ ჩაითვლება. მეგობრობა ორმხრივია და ამ მეგობრობაში საქართველო პირნათელია.

,,ძვირფასო რუსლან,

მართალია, სიტყვას აწონვა და ისე თქმა უნდა.

აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც უკრაინაში საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა, რაც დღემდე ასე რჩება. ელჩი, რომელიც ბომბების ქვეშ მყოფ კიევში ბოლომდე დარჩა მაშინაც კი, როცა ყველა სხვა ქვეყანამ საელჩო დაკეტა და კიევი მიატოვა.

აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველოში უკრაინის ელჩი გაიწვია, იმ მოტივით, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა სახელმწიფო მობილიზებით უკრაინაში მოხალისეების გაშვებაზე და ომში პირდაპირ ჩაბმაზე.

აწონა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის წამება და მოკვლის მცდელობა დააბრალა. ისევე როგორც აწონვა სჭირდებოდა მის მანამდელ გადაწყვეტილებას, თავისთან შეეფარებინა ქართველი დიქტატორი.

აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ გადაწყვეტილებასაც, რომლითაც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების წევრები არასასურველ პირებად გამოაცხადა, მაშინ, როცა სწორედ ამ ხელისუფლებამ ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა და მათ უსაფრთხო თავშესაფარი მისცა.

აწონა უნდოდა უკრაინის სხვადასხვა დელეგაციის მიერ საერთაშორისო ფორუმებზე ქართველი ხალხის მიმართ მტრული რეზოლუციების და გადაწყვეტილებების მხარდაჭერას. არადა, სწორედ საპირისპირო ქცევა იქნებოდა ის, რასაც თქვენ წესიერებას უწოდებთ და რასაც ქართული დელეგაციები უკრაინასთან მიმართებით შეხსენების გარეშეც აკეთებენ. დარწმუნებული ვარ გადახედავდით გაეროს რეზოლუციაზე ვინ მიჰყვა თქვენს მიერ ნახსენებ წესიერების სტანდარტს.

დაბოლოს, აწონა უნდოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების იმ განცხადებებსაც, რომლითაც საქართველოს ომში ჩართვისკენ პირდაპირ მოუწოდებდნენ.

ამიტომ, დიახ, უკრაინის ხელისუფლებას ყოველ ჯერზე რომ აეწონა საკუთარი სიტყვები და ქმედებები ქართველი ხალხის მიმართ, არც ჩემი შეფასება და არც თქვენი პასუხი საჭირო არ იქნებოდა.

საქართველოს გამორჩეული სოლიდარობა აქვს უკრაინელი ხალხის მიმართ იმ ისტორიული გამოცდილების გამო, რომელიც ჩვენ თავადაც გამოვიარეთ და რომელიც ჯერ არ დასრულებულა.

სწორედ იმიტომ, რომ ჩვენც ჯერ კიდევ ბრძოლაში ვართ, ჩვენც ყველა უცხოური ხელისუფლებისგან ველით სიტყვების ზუსტად ისევე აწონას საქართველოსთან დაკავშირებით, როგორსაც თქვენ ელით. უკრაინის ხელისუფლება აქ გამონაკლისი ვერ იქნება.

მეგობრობის საპასუხოდ თავდასხმა და ცილისწამება ვერც ღირსებად და ვერც მადლიერებად ვერ ჩაითვლება. მეგობრობა ორმხრივია და ამ მეგობრობაში საქართველო პირნათელია,”- წერს პაპუაშვილი.