მეგობრობა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ზუსტად ასე გვესმის ჩვენ და უნგრეთს, როგორც ჩვენ ვუდგავართ ერთმანეთს გვერდში - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე ბუდაპეშტშია. შალვა პაპუაშვილი უნგრელ კოლეგას ხვდება. პირისპირ საუბრის შემდეგ, გაიმართება შეხვედრა გაფართოებულ ფორმატშიც. დღესვე პარლამენტის თავმჯდომარე მოლაპარაკებას გამართავს ვიქტორ ორბანთან. ხვალისთვის დაგეგმილია შეხვედრა უნგრეთის პრეზიდენტთან.

ქართული დელეგაციის ინფორმაციით, საუბარი იქნება ურთიერთობების გაღრმავებაზე და შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, საქართველოსა და უნგრეთის როლზე. გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმიც.

"მეგობრობა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ზუსტად ასე გვესმის ჩვენ და უნგრეთს, როგორც ჩვენ ვუდგავართ ერთმანეთს გვერდში. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ ტენდენციებს ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან, რომელსაც მეგობრობა, პარტნიორობა ესმის თითქოს შესაძლებლობად იმისთვის, რომ ქართველ ხალხს უკარნახონ როგორი არჩევანი გააკეთონ, ვინ ჰყავდეთ ხელისუფლებაში, როგორ მოიწყონ საკუთარი ცხოვრება, ყოფა, კულტურა, ისტორიას როგორ უნდა უყურებდნენ. უნგრეთი კარგი მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს სუვერენიტეტის პატივისცემა, რომელიც როგორ ჩანს ზოგიერთ ქვეყანას დღეს დაავიწყდა.

საუბარი გვექნება საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე და ვაპირებთ, რომ ხელი მოვაწეროთ ჩარჩო შეთანხმებას საქართველოს და უნგრეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით და იმ ფორმატებთან დაკავშირებით, რომლითაც იქნება მჭიდრო თანამშრომლობა.

ასევე საუბარი გვენება უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, იმაზე თუ რა გეგმები აქვს საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, იმისთვის, რომ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ჩვენ შემდეგი ოთხი წელი დავუთმოთ საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან იმისთვის, რომ შესრულდეს ის პირობა, რომელიც ჩვენ დავდეთ, რომ 2030 წელს საქართველო იქნება ყველაზე მზად სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ევროკავშირის წევრობისთვის და ამაში ჩვენ უნგრეთის დახმარების იმედი გვაქვს,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.