„კლინიკაში გული გაუჩერდა...“ - ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
1734897289
უწყებებთან შეხვედრისას ცხადად განვაცხადე, რომ ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, მედიის, შეკრების თავისუფლება უნდა იყოს აბსოლუტურად დაცული, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუღებელია ამ უფლებების დარღვევა, განსაკუთრებით, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.
ამასთან, როგორც ბერსემ აღნიშნა, მან მიმართა სახელმწიფო უწყებებს, არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავონ და სწრაფი გამოძიება უზრუნველყონ.
„უწყებებთან შეხვედრისას აბსოლუტურად ცხადად განვაცხადე, რომ ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, მედიის, შეკრების თავისუფლება გაწერილია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში და მისი განმარტება ხდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად დაცული და მიუღებელია მათი დარღვევა, განსაკუთრებით, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.
ჩვენს პლატფორმაზე გამოგზავნილი იქნა რიგი განგაშის სიგნალების, რაც ეხებოდა ჟურნალისტების წინაშე მომატებულ საფრთხეს, მათ დაცვის საჭიროებას. ასევე ვნახეთ, რომ იყო ბრუტალური თავდასხმები მედია პროფესიონალების წინააღმდეგ. მე მივმართე სახელმწიფო უწყებებს, რომ, პირველ რიგში, თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან. მეორე, სწრაფად განეხორციელებინათ დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ყველა შესაბამისი პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. მესამე – გაეთავისუფლებინათ ყველა, ვინც ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. ამასთან დაკავშირებით გარკვეული დაპირებები მივიღე“, – განაცხადა ალენ ბერსემ.
მისივე თქმით, წამების კომიტეტი 18-29 ნოემბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა და მალე წარმოადგენს წინასწარ დასკვნებს სახელმწიფო უწყებების მიმართ.
„მიმდინარე წლის 18-დან 29 ნოემბრამდე წამების კომიტეტი, „სიპიტი“ ვიზიტად იმყოფებოდა საქართველოში. დელეგაციამ შეაფასა მოპყრობა, პირობები, რომელიც საპოლიციო და დაკავების იზოლატორებში არსებობდა, მათ შორის, ისინი, რომელიც გამოყენებულია თბილისის დემონსტრაციების დროს დაკავებული პირებისთვის. „სიპიტი“ ძალიან მალე წარმოადგენს ამ წინასწარ დასკვნებს სახელმწიფო უწყებების მიმართ. რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ყველაფერს მოქმედებებიც მოჰყვება და ნაბიჯებიც გადაიდგმება. „სიპიტის“ შემდგომი ვიზიტი შეიძლება, განხორციელდეს მომდევნო კვირების განმავლობაში“, – აღნიშნა ბერსემ.