მათხოვრობით გამდიდრება არასდროს ხდება ხოლმე, ჩვენ უნდა გავმდიდრდეთ ჩვენი შრომით - ალექსანდრე რაქვიაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე

ალექსანდრე რაქვიაშვილი

ნიკა გვარამიას განცხადებას უკრაინის ომისშემდგომ დაფინანსებასთან დაკავშირებით ოპოზიციაშიც ეხმაურებიან. პარტია "გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, გვარამიას პოლიტიკით ფულის კეთების სურვილი ამოძრავებს და მისი წარმოდგენები ქვეყნის გამდიდრებაზე აბსურდულია, რადგან სახელმწიფოს წინსვლა შრომით მიიღწევა და არა მოწყალების თხოვნით.

"გვარამია ისე მიეჩვია ფულის კეთებას პოლიტიკით, რომ ყველგან ფულის კეთება უნდა. გასაგებია, რომ უკრაინას დაეხმარებიან და ბევრს დაეხმარებიან, მაგრამ უკრაინას დაეხმარებიან და რა - წილის მიღება უნდა იქიდან? ეს ხომ აბსურდულად გამოიყურება და ზოგადად, თუ ქვეყნის გამდიდრებაზე საუბრობ, მათხოვრობით გამდიდრება არასდროს არ ხდება ხოლმე - ჩვენ უნდა გავმდიდრდეთ ჩვენი შრომით. როგორც ჩანს, გვარამიას სხვანაირი წარმოდგენა აქვს ფულზე და ფულის შოვნაზე", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის - ნიკა გვარამიამ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა აღდგენისთვის ტრილიონებს მიიღებს, საქართველო კი ამ დახმარების მიღმა დარჩება. აღნიშნულმა მტკიცებამ როგორც მმართველი გუნდის, ისე სხვა პოლიტიკური აქტორების კრიტიკა დაიმსახურა. პოლიტიკური ოპონენტები გვარამიას ომის ტრაგედიის მხოლოდ ფინანსურ ჭრილში განხილვასა და მანიპულაციაში ადანაშაულებენ.