მათ სინამდვილეში აჩვენეს, რომ არც არასდროს სდომებიათ მშვიდობა, რომ ისინი არიან ომის პარტიის წარმომადგენლები - ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ევროპული გზა არის აფხაზებისა და ოსების გარეშე - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

როგორც ყოველთვის, ოპოზიციამ აქაც აჩვენა თავისი სახე, რომ მზად არიან ყველა საკითხის სპეკულაციაში ჩაჰყვნენ, ამეფარონ ჩვენი გმირების სახელებს, რომლებმაც 2008 წელს გმირულად იბრძოლეს, დაიღუპნენ, ზოგი ამ ომის დროს დასახიჩრდა, როგორც სამხედროები, ასევე სამოქალაქო პირები. ახლა ამ გმირების სახელებს ეფარებიან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მან კომენტარი გააკეთა გორში, ბიძინა ივანიშვილის გზავნილის საპასუხოდ რადიკალური ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.

მისივე თქმით, ომის დამნაშავეებს პასუხს გასცემს მართლმსაჯულება და ამას აკეთებს „ქართული ოცნება“. მან ამ მიზნით ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლო პროცესები გაიხსენა.

„ის, რაც მიატოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - ჰააგისა და სტრასბურგის პროცესები, როდესაც ფაქტობრივად, უიმედო იყო ეს საქმეები და „ქართულმა ოცნებამ“ შემოატრიალა და მოიგო ორივე საქმე, ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ ის, ვინც 2008 წელს ჩაიდინა ომის დანაშაული, უნდა იყოს დასჯილი. სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ჰააგის სასამართლომ ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრსა და უკანონო იზოლატორის ხელმძღვანელზე გასცა დაკავების ორდერები. ასე, რომ რაც შეეხება ომის დამნაშავეებს, ისინი პასუხს აგებენ მართლმსაჯულების წინაშე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მათ ვინც ჩაიდინა ომის დანაშაულები, აწამა ანწუხელიძე მათ პასუხი მართლმსაჯულებით მოეთხოვებათ. პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხში გამოჩნდა ასევე არასამთავრობო სექტორის სახე, რაც კიდევ უფრო სკანდალურია, რომლებმაც „ოს ხალხს მკვლელები უწოდა და გააიგივა ომის დამნაშავეებთან“.

„წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორში უცხოეთიდან ჩასხმული მილიონები, რომლებიც თითქოსდა, კონფლიქტის მოგვარების საკითხებს უნდა მომსახურებოდა, აღმოჩნდა, რომ არასამთავრობო სექტორმა ოსი ხალხი გამოაცხადა ომის დამნაშავეებად, რომელთანაც სალაპარაკო არაფერი აქვთ მათი გადმოსახედიდან, რაც სკანდალია, იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ რა კრიზისში იმყოფება ჩვენი არასამთავრობო სექტორი.

რაც შეეხება პროცესს, არ არსებობს იმაზე დიდი მიზანი, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოხდება. მშვიდობიანი გზა გულისხმობს მხოლოდ შერიგების გზით სიარულს, შერიგება კი გულისხმობს სინანულსა და ურთიერთ პატიებას. ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ერთიან საქართველოსკენ. საერთო ჯამში, ამ ყველაფერმა აჩვენა ერთი რამ - ფაქტობრივად, ეს იყო კვლავ სახის ჩვენება ჩვენი ოპოზიციისა და რაც კიდევ უფრო სკანდალურია, არასამთავრობო სექტორის, რომ მათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გზა არც კი ესახებათ.

შეგახსენებთ, ეს ის ხალხი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების თანვე ამბობდა, რომ რუსეთი ახლა დასუსტებულია და შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ - იარაღი ვიყიდოთ და შევარდეთ ერთ თუ მეორე ტერიტორიაზე. აი, ეს ის ხალხია და ამით სინამდვილეში აჩვენეს, რომ მათ არც არასდროს სდომებიათ მშვიდობა, რომ ისინი არიან ომის პარტიის წარმომადგენლები. საბოლოო ჯამში, ეს გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ ოპოზიციისა და ამ „ენჯეოების“ ევროპული გზა არის აფხაზებისა და ოსების გარეშე. ეს არის რეალობა, რაც ჩვენ დავინახეთ ამ პროცესის ფარგლებში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი“.