1772868639
მათ ომი სურთ და სწორედ ამიტომ ხაზავენ სამიზნეებს, თითქოს ტერორისტული სკოლებია, ესეც არის პირდაპირი მტრობა საკუთარი ქვეყნის წინაშე - დიმიტრი ხუნდაძე
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, მმართველი გუნდი ქვეყნის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე საუბრობს. "საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა ფართოვდება" - ამ შინაარსის კვლევა ამჯერად "ჰადსონის ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა. ავტორები კი "ჰადსონის ინსტიტუტის" უფროსი მეცნიერი ლუკ კოფი და გიორგი კანდელაკი არიან. კანდელაკი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერია, მანამდე "ნაციონალური მოძრაობის", შემდეგ კი "ევროპული საქართველოს წევრიც იყო.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ "კანდელაკიც არის იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელიც ღიად აჟღერებდა, - დიახ, ომი მინდა."
"ეს არის მუდმივად იმ უბედურების მაძიებელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება, რომ ამ უბედურებაზე მათ სურთ, რომ საკუთარი პოლიტიკური სარგებელი ნახონ. ამისთვის მზად არიან ქვეყანა გაწირონ ომისთვის. კანდელაკიც არის იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელიც ღიად აჟღერებდა, ალბათ გახსოვთ - "დიახ, ომი მინდა." დიახ, მათ ომი სურთ და სწორედ ამიტომ ხაზავენ სამიზნეებს, თითქოს ტერორისტული სკოლებია, აწვდიან ინფორმაციას, რომ ბაქო-ჯეიჰანის მილსადენი სარგებლიანი იქნება, თუკი ის დაიბომბება და თითქოს, ქვეყანაში არის ირანიზაციის აქტიური პროცესი. ახლა, ის, რომ რუსეთუმეობამ ამ ქვეყანაში ვერ იმუშავა, ახლა ირანიზაციაზე გადაერთვნენ. ვხედავთ, რომ ამის აბსოლუტურად არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ესეც არის, რა თქმა უნდა, პირდაპირი მტრობა საკუთარი ქვეყნის წინაშე," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.












