ასეთი საიდუმლო შეხვედრები გვაძლევს საფუძველს, ვთქვათ, რომ არის კონსპირაციული შეხვედრები, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეთქმულების განხორციელებას - გიორგი სოსიაშვილი

სოსიაშვილი

"თუ დასამალი არაფერი აქვთ, რატომ ასაიდუმლოებენ ამ შეხვედრას? ელჩმა, თუ მას რაიმე სურვილი გააჩნია, გააკეთოს საჯარო განცხადება, დაუძახოს არასამთავრობო ორგანიზაციებს და განმარტოს, რა უნდა", - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი აცხადებს. 

საუბარია გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერსა და ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შორის გამართულ კონსპირაციულ შეხვედრაზე.

გიორგი სოსიაშვილის თქმით, მას ნინო ლომჯარიას ქმედებების არ უკვირს.

"გერმანიის საელჩო სარდაფში კი არ უნდა ხვდებოდეს ლომჯარიას და საიდუმლოდ, შენიღბულად კი არ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი. თუ დასამალი არაფერი არ აქვთ, რატომ ასაიდუმლოებენ ამ შეხვედრას? ელჩმა, თუ მას რაიმე სურვილი გააჩნია, გააკეთოს საჯარო განცხადება, დაუძახოს არასამთავრობო ორგანიზაციებს და განმარტოს, რა უნდა.

ასეთი საიდუმლო შეხვედრები, რა თქმა უნდა, გვაძლევს ჩვენ და საზოგადოებას იმის საფუძველს, ვთქვათ, რომ აქ არის კონსპირაციული შეხვედრები, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეთქმულების განხორციელებას.

სამარცხვინოა, როდესაც გერმანიის ელჩი ასე მოსუქებული ენჯეოების რიგში ჩადგა და ასეთ საიდუმლო შეხვედრებს მართავს ამ რადიკალთა ძალების წარმომადგენლებთან და მიწასთან ასწორებს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს. რაც შეეხება ქალბატონი ლომჯარიას საქციელს, მე მისგან არაფერი არ მიკვირს, მან თავის დროზე ინატრა ბომბების წვიმა დედაქალაქში და მან ინატრა გამანდგურებელი ომი საქართველოში და თავისთავად, ცხადია, რომ ახლა მათ უნდათ, რომ როგორღაც ეს ზეწოლის ინსტრუმენტად გადააქციონ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ქართველი ხალხის წინააღმდეგ და პირდაპირ ხდება მათ მიერ შეთავაზება. ის არაფრით არ განსხვავდება მოღალატე ყორღანაშვილისგან, რაც ჩვენ ისტორიაში გვახსოვს," - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.