"მარტივია პასუხი იმაზე, თუ რატომ არ ვიღებთ მონაწილეობას - ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, ჩვენი გუნდი ამ პარლამენტში არ არის და არ იქნება" - ანა ბუჩუკური საგამოძიებო კომისიაზე

ანა ბუჩუკური

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება კომისიამ პირველ საორგანიზაციო სხდომაზე მიიღო. კომისიის მდივნად სოზარ სუბარი აირჩიეს.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში ათი წევრია. ჯგუფში ორი ადგილი ვაკანტური რჩება და ის განკუთვნილია გახარიას გუნდის წევრებისთვის. გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და "გახარია საქართველოსთვის" გუნდი ამ პარლამენტში წარმოდგენილი არ იქნება.

"რატომ არ ვიღებთ მონაწილეობას, მარტივია პასუხი იმიტომ, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ჩვენი გუნდი ამ პარლამენტში არ არის და არ იქნება. როდესაც ვიღაცის გასამართლებაზე არის საუბარი, ამისი უფლება უნდა გქონდეს, უნდა დაიწყო შენ თვითონ შენი თავით", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი  ანა ბუჩუკური.