მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ამოცანა არის, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის უახლოეს პერიოდში ვაჭრობის მოცულობამ ერთ მილიარდ დოლარს მიაღწიოს

მარიამ ქვრივიშვილი

ჩვენ ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს უზბეკეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის დასრულების შემდეგ.

„გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანები და შესაბამისად, კონკრეტული გეგმა, პირველ რიგში იმისთვის, რომ გაიზარდოს ქვეყნებს შორის ვაჭრობა, საქართველოდან გაიზარდოს ქართული პროდუქციის ექსპორტი და ფაქტობრივად, ჩვენი ამოცანა არის, რომ ორ ქვეყანას შორის უახლოეს პერიოდში ვაჭრობის მოცულობამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სხდომის მიმდინარეობისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების, ასევე ინვესტიციების მიმართულებით სხვადასხვა საკითხები.

„ჩვენ  ბევრი ვისაუბრეთ ინვესტიციების ხელშეწყობაზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ, ზოგადად, რეგიონისთვის და ყველა ქვეყნისთვის, რომელიც შუა დერეფნის კონტექსტში არის ჩართული“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით გაიმართა. უზბეკეთის მხრიდან სხდომა ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვის თანათავმჯდომარეობით ჩატარდა.

სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, ასევე საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა.

✕