1771847127
მარიამ ლაშხი: ვაშინგტონში სამიტის მთავარი თემა იქნება, როგორ უნდა მოვახერხოთ ქვეყნის ინტერესების დაცვა, საქართველო გაახმოვანებს, რომ ქვეყნის მომავალს წყვეტს ქართველი ხალხი
საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში იმ სამიტზე მიიღებს მონაწილეობას, რომლის მთავარი გზავნილია – სუვერენული ქვეყნები თავად წყვეტენ საკუთარ ბედს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა განაცხადა.
ლაშხის თქმით, რესპუბლიკელი კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას მოწვევა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ქვეყნებს შორის როცა თანამშრომლობასა და დიალოგზეა საუბარი, მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა გაითავისონ და გაიაზრონ, რომ საკუთარი ქვეყნების სუვერენიტეტის ხარჯზე არ უნდა მოხდეს მათი იდეოლოგიის თავსმოხვევა. დისკუსიის მთავარი თემა იქნება, გლობალიზაციის პირობებში, ზეწოლების მიუხედავად, როგორ უნდა მოვახერხოთ ქვეყნის ინტერესების დაცვა. საქართველო ზუსტად ამ გზავნილით ვაშინგტონში წარდგება და გაახმოვანებს, რომ საქართველოს მომავალს წყვეტს ქართველი ხალხი. ასევე ეს ვიზიტი გამოყენებული იქნება ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობის გადატვირთვის და საპარლამენტო თანამშრომლობის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, რესპუბლიკელ კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას მიწვევით, აშშ-ში „სუვერენული ერების ალიანსის“ სამიტს დაესწრება.










