მარიამ ლაშხი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

მარიამ ლაშხი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ლაშა მარგიშვილთან და ცენტრის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მთავარ თემას უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოში აღიარების საკითხი წარმოადგენდა.

„ქართველი დიპლომატების შვილებს გარკვეული წინაღობა ექმნებათ უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების საქართველოში აღიარებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ არსებულ გამოწვევებზე და მათი მოგვარების გზებზე. განვიხილეთ, როგორ შეიძლება გამარტივდეს კლასიდან კლასში გადაყვანის საკითხი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ცოდნის აღიარება. ასევე ვისაუბრეთ, რომ დიპლომატების შვილებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ, შესაძლებლობა ჰქონდეთ ქართული ენა, ლიტერატურა და საქართველოს ისტორია ისწავლონ უცხოეთში მოქმედ საკვირაო სკოლებში, რაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ სასწავლო პროგრამასთან სწრაფ ადაპტირებას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.