მარიამ ლაშხი და რატი იონათამიშვილი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდნენ

მარიამ ლაშხი და რატი იონათამიშვილი

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, იესპერ მოლერს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ბავშვთა უფლებების დაცვასა და არასრულწლოვანთა მხარდაჭერის საკითხზე ისაუბრეს.

მარიამ ლაშხის განცხადებით, საუბარი შეეხო ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემას - ბავშვთა უფლებების დაცვას კიბერსივრცეში. მისივე თქმით, მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ძუძუთი კვების საკითხზე, რომელზეც „იუნისეფს“ შემუშავებული აქვს შესაბამისი პროტოკოლი. მაგალითად, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მონიტორინგისას, როგორ უნდა მოვიქცეთ და რა სტანდარტები უნდა დავიცვათ. ასევე შევთანხმდით, რომ ბავშვთა უფლებების დაცვისთვის ერთობლივ მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არასრულწლოვანთა დანაშაულთან დაკავშირებული საკითხები გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც. როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, აუცილებელია ისეთი მიდგომის შემუშავება, რომელიც დაეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვას, რეაბილიტაციასა და მხარდაჭერის მექანიზმებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს, რომლებიც დღეს კანონთან კონფლიქტში არიან, სრულწლოვან ასაკში ჰქონდეთ მოტივაცია განათლების მიღების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტული აქტივობების მიმართ და არ განვითარდეს კრიმინალისკენ მიდრეკილება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა პარლამენტის წევრებთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა და მომავალში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.