1746938520
მარიამ ლაშხი და ირაკლი შატაკიშვილი გერმანიაში შეხვედრებს მართავენ

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი, პროფესიული განათლების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში დეპუტატები ქართველ სტუდენტებს შეხვდნენ.
მარიამ ლაშხი სტუდენტებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის საქმიანობაზე ესაუბრა. მან სტუდენტებს სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით კომიტეტის ინიციატივები გააცნო. მარიამ ლაშხის თქმით, სტუდენტები ჩართულები არიან დუალურ სწავლებაში, რომელიც გერმანული პროფესიული განათლების მოდელს წარმოადგენს, შესაბამისად, საინტერესო იყო მათი წარმატებული პრაქტიკის გაცნობა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბერლინში არსებული ქართული საკვირაო სკოლის წარმომადგენლები. როგორც მარიამ ლაშხმა შეხვედრაზე აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი საკვირაო სკოლების მდგომარეობის შესწავლის და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების მიზნით თემატურ მოკვლევას იწყებს.
დეპუტატები გერმანიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.
გერმანიაში ვიზიტის მიზანია პროფესიული განათლების მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა.