მარგუს ცაჰკნა - საქართველოში ვითარება კარგი მიმართულებით არ მიდის, ესტონეთმა წამოაყენა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესის ინიციატივა, ეს პროცესი უნდა დავიწყოთ

მარგუს ცაჰკა

საქართველოში ვითარება კარგი მიმართულებით არ მიდის, ესტონეთმა წამოაყენა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესის ინიციატივა. ეს პროცესი უნდა დავიწყოთ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„საქართველოში ვითარება კარგი მიმართულებით არ მიდის. თქვენ შეგიძლიათ, მეტი გააკეთოთ. ესტონეთმა წამოაყენა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესის ინიციატივა. მე არ ვამბობ, რომ ეს პროცესი ხვალვე დაიწყოს, მაგრამ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ, რათა ნათელი, კონკრეტული სიგნალი მივცეთ იმისა, რომ ხელისუფლება, რომელიც ახლა ჰყავს საქართველოს, ატყუებს საკუთარ ხალხს და მათ უნდა შეიცვალონ კურსი“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

ამასთან, კითხვაზე, „მეთხუთმეტე დღეა, შიმშილობს მზია ამაღლობელი, ყოფილ პრემიერ-მინისტრზე მოხდა თავდასხმა, უნდა ველოდოთ თუ არა რეალურ ქმედებებს ევროკავშირისგან, რადგან ხალხი 60 დღეა, ქუჩაშია“, მარგუს ცაჰკნამ აღნიშნა:

„ესტონეთის მხრიდან გვექნება ასეთი რეალური ქმედებები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და ვიცით, რომ საქართველოში ხდება ის ყველაფერი, რაც ახსენეთ. არ გვჯერა, არ შეგვიძლია დავიჯეროთ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რადგან ჩვენ ვნახეთ, რაც ხდება რეალურ ცხოვრებაში. ამიტომ, ვიმედოვნებ, ვიპოვით გზებს საქართველოსთან დაკავშირებით მეტი გადაწყვეტილების მისაღებად“.