მამუკა მდინარაძე: თუ უღირსობა, დანაშაულის წაქეზება, ხელის დაფარება, რწმენის, იდენტობის, ეროვნულობის, ტრადიციების წინააღმდეგ წასვლა, მათი ჩამოშლა არის ევრობიუროკრატიის მიზანი, ე.ი. თავად ევროპა და ევრობიუროკრატია ასცდა ერთმანეთს

მამუკა მდინარაძე

შესაძლოა ასეთი სიხისტე არ იყოს საჭირო, თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვათ - სამწუხაროა, რომ დღეს ევროპა და ევრობიუროკრატია აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ხალხის ძალის“ განცხადების კომენტირებისას.

მისივე თქმით, ევროპულ ღირებულებებში თავად ევროპა და ევრობიუროკრატია ასცდა ერთმანეთს.

„ჩემს შემეცნებაში და ვფიქრობ, ქართველების უდიდესი ნაწილი ასე ვფიქრობთ, რომ ევროპა და ევროპული ღირებულებები არის ქრისტიანული, სამართლიანი, ღირსებაზე ორიენტირებული ღირებულებები.

თუ უღირსობა, დანაშაულის წაქეზება, ხელის დაფარება, რწმენის, იდენტობის, ეროვნულობის, ტრადიციების წინააღმდეგ წასვლა, მათი ჩამოშლა არის ევრობიუროკრატიის მიზანი, ე.ი. თავად ევროპა და ევრობიუროკრატია ასცდა ერთმანეთს. ეს ტრაგიკული რამ არის.

მე მართლა ვიოცნებებ იმ დღეზე, როდესაც ევრობიუროკრატია ევროპული ღირებულებებიდან გამომდინარე იმოქმედებს და ისაუბრებს. სამწუხაროდ, დღეს ამას ვერ ვხედავთ. ძალიან სამწუხაროდ, ამ აცდენასთან გვაქვს საქმე და ჩვენ არც ერთი წამით არც ტრადიციებს, არც ღირებულებებს, არც ღირსებას, არც მამულს, ენასა და სარწმუნოებას - ასეთ საკითხებს გვერდს არ და ვერ ავუვლით. და როდესაც თანხვედრა იქნება, კიდევ უფრო დაჩქარდება ინტეგრაციის პროცესი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

„ხალხის ძალა“ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ინტერვიუს ეხმაურება. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ელჩის ინტერვიუში ბევრი უზუსტოდა და ტყუილი იყო საზოგადოებისთვის მნიშვენლოვან თემებთან დაკავშირებით.