მამუკა მდინარაძე გრანტების შესახებ კანონზე: რაც არ მოსწონთ აქტორებს და რაც ცუდია მათთვის, კარგია ქართული სახელმწიფოსთვის, საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისთვის

მამუკა მდინარაძე

უმარტივესი ტესტია, უნდა შეხედოთ ამ ხალხს, ვინ არიან აქტორები და შემდეგ უნდა ვნახოთ რა არ მოსწონთ მათ. რაც არ მოსწონთ მათ და რაც ცუდია მათთვის, კარგია ქართული სახელმწიფოსთვის, საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისთვის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან გრანტების შესახებ კანონზე საუბრისას.

„აგენტურა რასაც იწუნებს, ის ავტომატურად კარგია, თუმცა ჩვენ ამით არ გავთამამდებით და საზოგადოებრივ ტესტს გაივლის ჩვენი ყველა გადაწყვეტილება. როდესაც გრანტები დაიხარჯა ამ ქვეყანაში უდიდესი ნაწილი იმისთვის, რომ მოხმარებოდა ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს, ჩვენ მარტივი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, უნდა ჩავკეტოთ მათი თავისუფალ მიმოქცევაში საქართველოში შემოდინება. თუკი ნებისმიერი გრანტი მართლაც შემოვა იმ მიზნებისთვის, რომელიც წერია ფურცელზე, მთავრობაც დაეთანხმება.

აკრძალვა არის ტყუილი და ისიც ტყუილია, რომ ჩვენ გრანტის მიმღებებს ვუკრძალავთ რაღაცას, პირიქით საუბარია იმაზე, რომ გრანტის გამცემებს არ ექნებათ მთავრობის თანხმობის გარეშე ამ გრანტის გაცემის უფლება. თუ რეალურ მიზნებს მოემსახურება, არავინ დაბლოკავს ამ გრანტებს, მაგრამ როდესაც გრანტი იქნება არამიზნობრივი, მაშინ იქნება აკრძალვა.

როდესაც მთავრობა ნებართვას მისცემს, შემდეგ ირთვება „ფარას“ კანონი გამჭვირვალობის და აქაც ექნებათ ვალდებულება, რომ გაშიფრონ ვინ რაში ხარჯავს ამ თანხას. მე თუ, ერთ ჩვეულებრივ პოლიტიკოსს, მაქვს ვალდებულება, რომ თეთრების დონეზე დავწერო დეკლარაციაში ყველაფერი, რატომ არ უნდა ჩაიწეროს ასეულობით მილიონის შესახებ დეკლარაციაში ის, რაში ხარჯავენ ამ მილიონებს. იმ ფონზე, როდესაც USAID-თან და NED-თან დაკავშირებით აშშ-ის ახალმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ აბსოლუტურად განსხვავებული მიზნებისკენ მიემართებოდა ეს თანხები და ასევე გუშინ წინ მოუწიათ ევროპელებსაც იმის აღიარება, რომ მილიარდობით ევრო იხარჯებოდა სხვა მიზნებისთვის. კონკრეტულ ქვეყნებში ეროვნული ამოცანების საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.