ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველებისთვის საგანგებო მიმართვას ავრცელებს
1750676109
ერთადერთი, რაც გიორგი გახარიას დარჩენია, უნდა ამტკიცოს, რომ გაფრთხილებისდა მიუხედავად წარმოდგენა არ ჰქონდა რა მოჰყვებოდა საგუშაგოს ჩადგმას, სხვა შემთხვევაში, მოუწევს, რომ აღიაროს სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაული, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდზე საუბრისას.
„ევროკავშირის მანდატის ფარგლებში არსებობდა სპეციალური ფორმატი და ყველა მხარეს, მათ შორის საოკუპაციო მხარესაც, ოსურ მხარესაც, დე ფაქტო და საქართველოს ხელისუფლებასაც ჰქონდათ ვალდებულება, რომ ნებისმიერი მსგავსი, არა თუ ამ მასშტაბის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინათ ამ ფორმატისათვის. ეს იყო ვალდებულება, რომელიც უბრალოდ არ შესრულდა. არ შესრულება შეიძლება იყოს ერთი - დანაშაულიც და მეორე, უმეცრებით ჩადენილი. როდესაც კომისიაზე ილაპარაკა გახარიამ, თქვა, რომ იანვარში რაღაც მონიშნულები ნახეს და აგვისტოში რეაგირება მოაყოლეს. თვითონ რასაც ამბობენ იმ ვერსიაში შევდივარ. იმას კი არ ვამბობ, რა ეჭვებიც არსებობს. ამ რეაგირებაზე ოკუპანტის მხრიდან რეაგირება იყო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შემოჭრა ე.წ. გამყოფ ზოლს აქეთ 1 კილომეტრით და დაიკარგა მილიონი კვადრატული მეტრი. სხვა შემთხვევა 2012 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში არცერთი არ ფიქსირდება. ეს არის კონკრეტული ქმედება, კონკრეტული შედეგით.
ახლა ჩვენ ვამბობთ, ეს კონკრეტული ქმედება იყო თუ არა დანაშაული?! ერთადერთი, რაც გიორგი გახარიას დარჩენია, რაღაც ფორმით ამტკიცოს, რომ არ იცოდა, რომ საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა ევროკავშირის ჩარჩოში შექმნილი ფორმატი და მისი წარმომადგენლები, უნდა ამტკიცოს, რომ წარმოდგენა არ ექნებოდა, რომ ეს მოჰყვებოდა მაშინ, როდესაც ჩადგმის შემდეგაც კი ღია წყაროებში გაფრთხილება იყო, რომ შემოვიდოდნენ და დაიკავებდნენ საქართველოს დანარჩენ ნაწილსაც იმ მიდამოებში, სადაც საშუალება ექნებოდათ. გაფრთხილების მიუხედავად მან უნდა ამტკიცოს, რომ მე ვერ მივხვდი, რომ ამას აკეთებდნენ. სხვა შემთხვევაში, მოუწევს, რომ აღიაროს სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაული“, - განაცხადა მდინარაძემ.
ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.
აღნიშნულ საკითხზე იმდროინდელ შს მინისტრს, გიორგი გახარიას საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ იბარებენ.
ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე ტაბატაძე და კახი კახიშვილი უკვე გამოიკითხნენ.
2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საკითხებს 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითი კომისიაც სწავლობს. საგამოძიებო კომისიამ აღნიშნული საკითხი 11 ივნისს განიხილა.
სხდომაზე გამოკითხვაზე მისულმა, ჩორჩანას მკვიდრმა, ელგუჯა ხარაზიშვილმა განაცხადა: „გაიხსნა ეს საგუშაგო თუ არა, გავიდა ცოტა ხანი და სოფელ წაღვლის ტერიტორიაზე შემოვიდნენ და რუსებმა გააკეთეს საგუშაგო. გაკეთდა რუსების საგუშაგო და წაიღეს სოფელ წაღვლის ტყე, შემოვიდნენ დაახლოებით კილომეტრნახევარი. ვერანაირად ვეღარ შევდივართ, 2019 წლის 24 აგვისტომდე შევდიოდით“.