მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

2024 წლის 20 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თურქეთის ელჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

„მხარეები განსაკუთრებულად მიესალმნენ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა როგორც მაღალი დონის, ასევე დარგობრივ უწყებათა ვიზიტების ურთიერთგაცვლის მზარდი დინამიკის მნიშვნელობას.

განხილულ იქნა სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით. თურქეთის მხარემ საქართველოს დაუდასტურა მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე, ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ თანამშრომლობაზე საქართველო-თურქეთის ურთიერთობების წარმატებული განვითარების მიზნით“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.