1772649900
მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და შუა დერეფანზე, აქ რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული თითოეულ ქვეყანასთან ევროკავშირის ურთიერთობები
„პოლიტიკური და ამ შემთხვევაში ეკონომიკური საკითხები ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ის ეკონომიკური საკითხები უკავშირდება, რა თქმა უნდა, დიდ პოლიტიკას და ამას ერთმანეთისგან ვერ განვასხვავებთ და განვაცალკევებთ ამ შემთხვევაში. საუბარი იყო იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელ პროექტზეც ხშირად გვესმის, TRIPP-ს (ტრამპის მარშრუტი) ვგულისხმობ. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მოგვაწოდა ინფორმაცია თუ რა განხილვები მიმდინარეობს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით აშშ-თან, აზერბაიჯანთან და ზოგადად როგორ წარმოუდგენიათ ამ პროექტის განხორციელება, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის მნიშვნელობას და აღნიშნა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმების როლი ეკონომიკური პროექტების განხორციელების საქმეში.
„ერთი რამ რაც ცალსახად აღინიშნა და უნდა ითქვას ორივე მხრიდან, რეგიონის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება ალტერნატიული, ასე ვთქვათ, მარშრუტები, რაც კიდევ უფრო მეტი ტვირთის და მეტი შესაძლებლობების მოზიდვას უზრუნველყოფს ჩვენს რეგიონში. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პირველ რიგში სტაბილურობა და მშვიდობა რეგიონში და ეს ერთმანეთთან არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ამ ეკონომიკურ პროექტებზე, რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს და არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, ამ კონტექსტში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს სწორედ ამ ეკონომიკური პროექტის განხორციელებაში.“- თქვა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
„ერთი რამ არის, რასაც ცალსახად აცნობიერებს სომხეთის მხარეც და ჩვენც სულ ამაზე ვსაუბრობთ, როდესაც თუნდაც ევროკავშირთან ურთიერთობებზეა საუბარი ან დაკავშირებადობაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში, რომელიმე ქვეყნის ამოგლეჯა სამხრეთ კავკასიიდან, ბუნებრივია, აზრს მოკლებულია და სწორედ ამიტომ, აზრს კარგავს როდესაც ვინმე საუბრობს სამხრეთ კავკასიაზე ერთი ქვეყნის გამოკლებით და ამ კონტექსტში სწორედ საუბარი ეხება ევროკავშირთან ურთიერთობებს. თუკი ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს, როგორც შუა დერეფანს, როგორც მის აზიასთან დაკავშირებადობის ალტერნატივას, რა თქმა უნდა, აქ საქართველოს გარეშე საუბარი წარმოუდგენელია და სწორედ, ამ კონტექსტში, არაერთხელ იქნა ხაზგასმული სომხეთის პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც, როდესაც ევროკავშირთან ურთიერთობებზეა საუბარი, როდესაც სომხეთის ევროკავშირთან დაახლოებაზეა საუბარი, მათთვის სამაგალითო გზა გადის საქართველოზე და მას არაერთხელ აღუნიშნავს ეს და ის მუდმივად საუბრობს ამაზე. ეს არის რეალურად ის რეალისტური მიდგომა რეგიონის მიმართ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და შუა დერეფანზე, აქ რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული თითოეულ ქვეყანასთან ევროკავშირის ურთიერთობები“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.












