მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სინგაპურში იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანასა და ორ რეგიონს შორის კავშირების გასაძლიერებლად

მაკა ბოჭორიშვილი

„საქართველოსა და სინგაპურს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მაღალი დონის შეხვედრებზე ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხებზე, იმ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება ორ ქვეყანას შორის მომავალში გადაიდგას, როგორ შეიძლება წავახალისოთ ეკონომიკური კავშირები და პოლიტიკური დიალოგი,“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის სინგაპურში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კოლეგა მინისტრებთან გამართულ შეხვედრებს, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს.

„ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ შედგა შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან. მქონდა შესაძლებლობა, ჩემს კოლეგასთან ერთად მესაუბრა და განმეხილა საქართველოსა და სინგაპურს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები. ჩვენ ვისაუბრეთ გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. ორივე ქვეყანას აქვს ერთი ტიპის გამოწვევები და შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვანია სწორედ ჩვენი გამოცდილების გასაზიარებლად და სამომავლოდ ერთობლივი მუშაობისთვის,“ - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, შეხვედრებზე ასევე ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რეგიონული კავშირების გაძლიერებაზე. საქართველოსთვის სინგაპური მნიშვნელოვანი ქვეყანაა აზიის ქვეყნებთან კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით. ამ კონტექსტში, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთან კავშირები სინგაპურისთვის, სწორედ ჩვენს რეგიონთან ურთიერთობების გასაძლიერებლად. სწორედ ამისთვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანასა და ორ რეგიონს შორის კავშირების გასაძლიერებლად,“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.