მაკა ბოჭორიშვილი გარე ჩარევებზე: არჩევნებამდე ორი კვირით თუ ათი დღით ადრე მსგავსი განხილვები, კრიტიკა და განცხადებები, რომლებიც გვესმის, სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა მცდელობები, არჩევნებზე მოახდინონ რამენაირად გავლენა

მაკა ბოჭორიშვილი

არჩევნებამდე ორი კვირით თუ ათი დღით ადრე მსგავსი განხილვები, კრიტიკა და განცხადებები, რომლებიც ჩვენ გვესმის, სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა მცდელობები, რომ არჩევნებზე მოახდინონ რამენაირად გავლენა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში” საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში გარე ჩარევების ანალიზისას.

მან აღნიშნა, რომ არჩევნები დემოკრატიულ ქვეყანაში ყოველთვის არის ყურადღების ცენტრში.

„თუმცა, საქართველოში არჩევნების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება და ინტერესი არსებობს. ეს უკვე დიდი ხანია, აშკარად ჩანს და არ სჭირდება განსაკუთრებული დაკვირვება, რომ შევამჩნიოთ, თუ რამხელა ინტერესია სხვადასხვა ქვეყანაში - ევროკავშირში თუ შეერთებულ შტატებში საქართველოში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით. ერთი რამ არის ფაქტი, საქართველოს ხელისუფლების ინტერესში დღეს არის ის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს კარგად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამისთვის გაკეთდა, ყველაფერი, ამისთვის იშრომა და იმუშავა ძალიან ბევრმა ადამიანმა ბევრი წლის განმავლობაში, რომ უზრუნველყოფილიყო შესაბამისი სისტემა ადგილზე. ეს არა მარტო ჩემი ახრია, ჩვენ ვნახეთ შუალედური შეფასებებიც სადამკვირვებლო მისიების.

რაც შეეხება დამოკიდებულებას, ნამდვილად არაერთგვაროვანია. ჩვენ ვხედავთ კრიტიკას, რომელიც არის უჩვეულო წინასაარჩევნო პერიოდისთვის, რაც, თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აშკარა მცდელობებია არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად, სხვაგვარად ეს ვერ შეფასდება. არჩევნებამდე ორი კვირით თუ ათი დღით ადრე მსგავსი განხილვები, მსგავსი კრიტიკა და ისეთი განცხადებები, რომლებიც ჩვენ გვესმის, სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა მცდელობები, რომ არჩევნებზე მოახდინონ რამენაირად გავლენა,” - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ ამომრჩეველიც და საზოგადოებაც ძალიან კარგად ხედავს, თუ რამხელა ზეწოლის ქვეშ არის ქვეყანა.

„რა გარემოებებში ხდება გარედან წინასაარჩევნო პროცესის წარმართვა მაშინ, როდესაც უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, კამპანიას ახორციელებს ყველა პარტია. თუმცა, პოლიტიკური დღის წესრიგი უმეტეს შემთხვევაში იქმნება ქვეყნის გარედან წამოსული განცხადებებით, რეზოლუციებით, რაზეც შენდება მთელი ოპოზიციური სპექტრის მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი წინასაარჩევნო პერიოდში.

ამ პირობებში როდესაც ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ გვქონდეს ის გარემო, როგორი გარემოც არის, ნამდვილად არის ძალიან კარგი, დასაფასებელი და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს იყო შეფასებული ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშშიც”, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.