მაკა ბოჭორიშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაერო-ს განვითარების საკოორდინაციო ოფისის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ბოჭო

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაერო-ს განვითარების საკოორდინაციო ოფისის (DCO) რეგიონულ დირექტორთან, გვი იეპ სონთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე.

საუბარი შეეხო განვითარების თვალსაზრისით საქართველოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს, განსაკუთრებით აღინიშნა რეგიონალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული გეგმები და ამ თვალსაზრისით გაერო-სთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ხაზი გაესვა მდგრადი განვითარების 2030 წლის მიზნების განხორციელებაში ორგანიზაციის მხარდაჭერას და საქართველოს ხელისუფლების მზაობას აქტიურად ითანამშრომლოს აღნიშნული მიზნების იმპლემენტაციის პროცესში, მათ შორის „გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2026-2030 წლების ხელშეკრულების“ შემუშავების საკითხზე.

ყურადღება ასევე დაეთმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ვითარებას.

გაერო-ს წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს ასევე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებთან.