მაია ბითაძე საქართველოს პირველი გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის საჯარო წარდგენას დაესწრო

მაია ბითაძე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  მაია ბითაძე საქართველოს პირველი „გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია 2050“-ის საჯარო წარდგენას დაესწრო.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს მთავრობამ დოკუმენტი ოფიციალურად 2023 წლის 24 აპრილს მიიღო. ის ითვალისწინებს კლიმატის გაუმჯობესების ეროვნული სამოქმედო გეგმის განახლებას 2023-2025 წლებისთვის.

დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი ემსახურება სათბურის აირების გაფრქვევის შესამცირებლად შესაძლებლობების გამოვლენას და  იმ პრიორიტეტულ ნაბიჯებს აღწერს, რაც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში უნდა გადაიდგას, როგორიცაა ენერგეტიკა, სამშენებლო სექტორი, ტრანსპორტი, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ნარჩენების მართვა, მიწათსარგებლობა და ტყის მართვა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სტრატეგია სრულად შეესაბამება პარიზის შეთანხმებას და მორგებულია საქართველოს რეალობაზე.

დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სხვადასხვა საჯარო უწყებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა.