მაია ბითაძე: დინამიკაში ანტიქართული განცხადებების მასშტაბმა იკლო, ხოლო იმატა იმ ევროპარლამენტარების რაოდენობამ, რომლებიც საღად აფასებენ იმ რეალობას, რასაც საქართველოსადმი უსამართლო დამოკიდებულება ჰქვია

მაია ბითაძე

რაც შეეხება ევრობიუროკრატების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, რა თქმა უნდა ეს ძალიან გულსატკენია, რომ აღარაფერი ვთქვათ ვენის ხელშეკრულების პირდაპირ დარღვევაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ. მისი თქმით, ეს განცხადებები ისტორიას დარჩება.

ამასთან, ბითაძე მიიჩნევს, რომ დღეისათვის, საქართველოსადმი კრიტიკულმა განცხადებებმა იკლო, ხოლო იმატა იმ ევროპარლამენტარების რაოდენობამ, რომლებიც რეალობას საღად აფასებენ.

„ჩვენ ვაწყდებით ევროკავშირის წინა განცხადებებთან შეუსაბამობას; გახსოვთ, რომ წლების განმავლობაში ევროკავშირის მოგვიწოდებდა, რომ პოლარიზაცია შეგვემცირებინა, როცა ახლა ვხედავთ, რომ ისინი უშუალოდ აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელმაც უნდა გამოიწვიოს არჩევნების წინ ესკალაცია და მხარს უჭერენ აქციებს, რომელიც მონათლეს რატომღაც პროევროპულად და რომელიც გადაიქცა ძალადობის დემონსტრირების აქციებად. ასე რომ, ეს სამწუხარო განცხადებები ისტორიას დარჩება და არ მგონია, რომ ხელი შეუწყოს გადატვირთვის პოლიტიკას. თუმცა, ეს ყველაფერი გამჭვირვალობის კანონიდან დაიწყო და დინამიკაში, ანტიქართული განცხადებების მასშტაბმა იკლო, ხოლო იმატა იმ ევროპარლამენტარების რაოდენობამ, რომლებიც საღად აფასებენ იმ რეალობას, რასაც საქართველოსადმი უსამართლო დამოკიდებულება ჰქვია რამდენიმე მიზეზის გამო - გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების კანონისა და იმის გამო, რომ ყურმოჭრილი მონებივით არ ვასრულებთ ყველა იმ დავალებას, რასაც ბრიუსელი გასცემს“, - აღნიშნა ბითაძემ.