მაია ბითაძე: ჩვენს რადიკალებს გეგმა აღარ აქვთ, ყველა ჩანაფიქრი რაც კი ჰქონიათ კრახით დაუსრულდათ, ლუსტრირებულები არიან არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის თვალში, არამედ საერთაშორისო პარტნიორებშიც მათი ნდობა დღეს აღარავის აქვს

მაია ბითაძე

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და გვისაუბრია იმაზე, რომ ჩვენს რადიკალებს გეგმა აღარ აქვთ, ყველა ეს ჩანაფიქრი რაც კი ჰქონიათ კრახით დაუსრულდათ და დღეს ძალიან ლუსტრირებულები არიან არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის თვალში, არამედ საერთაშორისო პარტნიორებშიც მათი ნდობა დღეს აღარავის აქვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.

„ის, რაც კუპრავასთან მიმართებით მოხდა, ცოტა კომიკურიც არის. პრემიერმა ახსენა ძალიან კარგი ტერმინი თვითდაპატიმრება. თვითდაპატიმრების პრაქტიკის დინამიკაში განვითარების მომსწრეები ვართ, დღეს რეკორდი დაამყარა კუპრავამ. სისხლის სამართლის კოდექსი რასაც კრძალავს, იმის ციტირება მოახდინა. მათ მომხრეებს მოუწოდა არა მხოლოდ ხელისუფლების პირდაპირი დამხობისკენ, არამედ კონფრონტაციაში შესვლისკენ. ძალიან კარგად ვიცით, რომ სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაული დააანონსა ადამიანმა, თან ამბობდა, რომ არ დამიჭერენო, მაშინ როდესაც ძალიან კარგად იცოდნენ რომ მას დაიჭერდნენ.

ამას შეიძლება ორი მიზანი ჰქონდეს, პირველი ის, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ამ თვითდაპატიმრებების სერიით ცდილობენ მობილიზება გაუკეთონ გარკვეულ განცხადებებს, რასაც ტირაჟირებენ მათი ლობისტური საქმიანობით დაქირავებული ზოგიერთი ბიუროკრატი ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა და ამით ასაზრდოებენ მათ. მეორე ის, რომ ე.წ. რადიკალური ლიდერები ცდილობენ, რომ ამ თვითდაპატიმრებებით აირიდონ პასუხისმგებლობა და პაატა ბურჭულაძეს შეატოვონ.

პასუხისმგებლობის არიდება არის ორმხრივი ერთი, რომ პასუხისმგებლობას ირიდებენ მათი დამფინანსებლის და მეორე მხარდამჭერების წინაშე. რამდენიმე კურდღლის დაჭერას ცდილობენ, მაგრამ ვერ იაზრებენ, რომ ამით საბოლოოდ წერტილს უსვამენ საკუთარ პოლიტიკურ კარიერას “, - აღნიშნა მაია ბითაძემ.