„მადლობა, საქართველო, ყველაფრისთვის!“ - ევროკავშირის ელჩი საქართველოს ემშვიდობება

მისი მეუღლე

საქართველოში გატარებული 4 წლის შემდეგ, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ასრულებს თავის დიპლომატიურ მისიას.  

ევროკავშირის ელჩი და მისი მეუღლე მეტე ჰარცელის ვიდეო მიმართვას ავრცელებენ და ქართველ ხალხს ემშვიდობებიან. 

„გამარჯობა, დადგა ის დრო, როდესაც ოთხი დაუვიწყარი წლის შემდეგ საქართველო უნდა დავტოვოთ. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ ამ ქვეყანაში გატარებული წლებისთვის. არაჩვეულებრივი იყო ის სითბო და სიკეთე, რომელიც ჩვენ საქართველოს მოქალაქეების, იმ ადამიანების მხრიდან ვიგრძენით, რომლებსაც თბილისსა და საქართველოს სხვა კუთხეებში ვხვდებოდით “,- განაცხადა ევროკავშირის ელჩის მეუღლემ, მეტე ჰარცელმა.

კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს პერსპექტივა, რომ ის გახდება ევროპული ოჯახის წევრი. 

მისივე თქმით, ქართველებმა ისტორიის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცეს, რომ უკან დახევას არ ეგუებიან.

„ დიდი მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს ნაწილად გვაქციეთ, იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი. საქართველო საოცარი, უნიკალური ქვეყანაა. თქვენ წინაპრების მხრებზე დგახართ, იმ ბუმბერაზების, რომლებმაც იბრძოლეს ამ ქვეყნისთვის, ტრადიციებისთვის, კულტურისთვის, ენისა და მემკვიდრეობისთვის. გასულ თვეს, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს, და  რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია. თქვენ ალბათ იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ვიცოდი მეც და იცოდა საქართველოს ბევრმა სხვა მეგობარმაც, თუმცა არ შეიძლება არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი და გვჯერა, რომ ამ მომენტში შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა. საქართველო იღებდა მონაწილეობას  იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომ, გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში. თქვენი ენერგია და სულისკვეთება აღმაფრთოვანებელია. და როდესაც დადგება ის დღე, როდესაც მთელი ეს ენერგია ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული, თქვენ ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ. მომავალ შეხვედრამდე. ძალიან დიდი მადლობა, საქართველო, ყველაფრისთვის!“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარ ჰარცელმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა, კარ ჰარცელმა საქართველოში თავის დიპლომატიური მისია ამოწურა. მის შემცვლელად საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკის კანდიდატურა წარადგინა.