მადლობა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს თბილი მასპინძლობისთვის, ჩვენთვის ამ ურთიერთობებისა და მეგობრობის გაღრმავება უკიდურესად მნიშვნელოვანია - პრემიერი

პრემიერი

დღეს ბაქოში გაიმართა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-10 სხდომა, გარდა ამისა ჩვენ გვქონდა საშუალება, პირადად შევხვედროდით, გვესაუბრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბაქოში ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა აზერბაიჯანულ მხარეს თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის.

„მე მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტ ალიევს ძალიან თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის. ჩვენთვის ამ ურთიერთობებისა და მეგობრობის შემდგომი გაღრმავება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც ჩვენთვის, ასევე, დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტს, ბატონ ალიევს მისი მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და მისი წვლილისთვის, რომელიც მას აქვს შეტანილი ქართულ - აზერბაიჯანული ურთიერთობების გაღრმავებაში,“- განაცხადა პრემიერმა.