1693080603
ლორა თორნტონის მოწოდებები მტრული მოწოდებებია, „მაკკეინის ინსტიტუტისგან“, ამ ქალბატონისგან არ არის პირველი, როდესაც ჩვენი სახელმწიფოს საწინააღმდეგო განცხადებები კეთდება - დავით მათიკაშვილი

„მაკკეინის ინსტიტუტისგან“ და პირადად ამ ქალბატონისგან არ არის პირველი, როდესაც ანტიქართული და ჩვენი სახელმწიფოს საწინააღმდეგო განცხადებები კეთდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მათიკაშვილის თქმით, ეს ადამიანები ვერ მალავენ იმ განწყობას, რომ საქართველოში შეუმდგარი ნაცმაიდნი და შეუმდგარი რევოლუცია რეალობაა.
„საქართველოში „დიფ სთეითმა“ ვერ გაიმარჯვა. ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილმა ძალებმა ვერ შეძლეს საქართვეელოში პოლიტიკური ვითარება ამოეტრიალებინათ და ხალხის ნების ნიველირება მოეხდინათ, ამიტომაც, ისინი მზად არიან, ყველაფერზე წავიდნენ.
ლორა თორნტონის მოწოდებები, შეგვიძლია, ჩავთვალოთ როგორც მტრული მოწოდებები. იმ მოცემულობაში, როდესაც ისინი მოისაკლისებენ იმას, რომ გვამები არ იყო, სისხლი არ დაიღვარა კონკრეტული პროტესტების დროს, როდესაც ქვეყანას უსურვებენ ეკონომიკურ კრიზისს, როდესაც ამ ქალბატონის, ამ ინსტიტუტის სხვა წარმომადგენლების, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არის ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ მიმართული, ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად გამიზნული, აქედან ერთადერთი დასკვნა შეგვიძლია, გამოვიტანოთ, რომ ეს ადამიანები, პირდაპირი მნიშვნელობოთ, მტრულად არიან განწყობილი ჩვენი ქვეყნისადმი.
ეს ძალა და რადიკალები საქართველოში წარმოადგენენ ერთ მთლიან მოცემულობას და გლობალური ომის პარტიის შემადგენელ ნაწილს – „დიფ სთეითს“, რომელსაც ტრამპი ვაშინგტონში ებრძვის. ჩვენი ვალია, ჩვენი ქვეყანა დავიცვათ იმ მოზღვავებული დესტრუქციისგან, რასაც ეს ქალბატონი პირდაპირ აჟღერებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა საკუთარ წერილში თქვა: „ნაგვის არგატანა, ბანკის მოლარეების გაფიცვა, სატვირთოების მძღოლების სახლში დარჩენა ეკონომიკის პარალიზებას მოახდენდა და მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე““.