ლევან ჟორჟოლიანი: მთავრობის ადმინისტრაციის შესყიდვების და ბაზრის კვლევის და სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობის შედეგად მოხდა 300 მლნ-ით ნაკლების გადახდა იმ საქონელსა თუ მომსახურებაში, რომელიც შეისყიდა სახელმწიფომ

ლევან ჟორჟოლიანი

მთავრობის ადმინისტრაციის შესყიდვების და ბაზრის კვლევის და სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობის შედეგად მოხდა 300 მლნ-ით ნაკლების გადახდა იმ საქონელსა თუ მომსახურებაში, რომელიც შეისყიდა სახელმწიფომ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

ლევან ჟორჟოლიანმა განმარტა, თუ რა ფუნქციები და მოვალეობები აქვს აღნიშნულ ორ დეპარტამენტს.

"სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი შეიქმნა 2025 წლის მეორე ნახევარში. ჩვენ ვამზადებდით გარკვეულ ინფრასტრუქტურას ამისთვის. ზოგადად, მთავრობის ადმინისტრაცია ძალიან გაძლიერდა მონიტორინგის ფუნქციის მიმართულებით. მთავრობის ადმინისტრაციას აქვს მაკოორდინირებელი, სამართლებრივი ზედამხედველის და ზოგადად, მონიტორინგის ფუნქცია აქვს იმიტომ, რომ ის არის პრემიერ-მინისტრის აპარატი და პრემიერ-მინისტრს აქვს კონსტიტუციური უფლებამოსილება აკონტროლოს ყველა სამთავრობო უწყება და ამის ერთ-ერთი მთავარი საშუალება არის მთავრობის ადმინისტრაცია და მისი გუნდი. მთავრობის ადმინისტრაციის შესყიდვების და ბაზრის კვლევის დეპარტამენტი შეიქმნა, რომელმაც დაიმატა ძალიან ბევრი შესყიდვების კოდები. ეს ეხებოდა ძირითადად მშენებლობებს. მთავრობის ადმინისტრაციამ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება დაიწყო სამშებელო პროექტებთან მიმართებაში და ამასთან ერთად, შეიქმნა სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს ასევე ბიუჯეტის ხარჯვას ეფექტიანად და ასევე, მას აქვს საზედამხედველო ფუნქციები. მას აქვს დაშვება აბსოლუტურად ყველა სამთავრობო უწყებაზე, ეს იქნება სამინისტრო, სსიპ თუ ა.შ. შეუძლია გამოითხოვოს მასალები, გააკეთოს მოკვლევები, მისცეს რეკომენდაციები და ა.შ. მეტიც, სამართალდამცავ უწყებებთანაც ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ, რამდენიმე საქმეც არის გადაგზავნილი ჩვენი მხრიდან. ძალიან აქტიურად გაეშვა ორივე დეპარტამენტი და საბოლოო ჯამში, მათმა ეფექტმა მოგვცა 300 მლნ ლარი. ჩვენი პროცედურა ასეთია, რომ ყველა სამთავრობო უწყებები,სამინისტროები იქნებიან, სსიპ-ები თუ ა.შ. როდესაც მათ სურდათ შეეძინათ გარკვეული მომსახურება, საქონელი ან სამშენებლო პროექტები იყო, ამ ორი დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, მინდა ასევე გამოვყო ეფექტიანობის დეპარტამენტი განსაკუთრებით, მოხდა 300 მლნ-ით ნაკლების გადახდა იმ საქონელსა თუ მომსახურებაში, რომელიც შეისყიდა სახელმწიფომ. შეგვიძლია ჩავშალოთ ეს 300 მლნ, მაგალითად 100 მლნ არის, რაზეც საერთოდ უარი ვუთხარით კონკრეტულ უწყებებს გარკვეულ შესყიდვებზე, დავუსაბუთეთ, რომ ამ წუთას არ სჭირდებოდა ამ რაღაცის შეძენა, საქონლის ან მომსახურების, დანარჩენი მოდიოდა უშუალოდ რეკომენდაციებზე, რომ არასწორად იყო ბაზრის კვლევა ჩატარებული, ფასი არასწორად იყო აღებული, დავავალეთ დამატებითი ბაზრის კვლევის ჩატარება და ამან მოგვცა შედეგი, რომ პლუს 200 მლნ დაიზოგა. თუ რაღაცას ვყიდულობდით 6 ლარად, ახლა ვიყიდეთ 3 ლარად“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.