ლევან ჟორჟოლიანი: გამჭვირვალობის ინდექსში საქართველოს დაწინაურება ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება, პრემიერის გადაწყვეტილებით, ყველა განკარგულება გახდა საჯარო, გამჭვირვალობის პრინციპით ხელმძღვანელობს ხელისუფლება

ლევან ჟორჟოლიანი

ჩანდლერის ინსტიტუტის ანგარიშში კარგი მთავრობის შესახებ, გამჭვირვალობასთან მიმართებაში საქართველოს დაწინაურება, ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ანგარიშში საქართველო უსწრებს ევროკავშირის, შენგენის ზონისა და ნატოს წევრ 29 სახელმწიფოს, ევროპის მასშტაბით კი, საქართველოს მთავრობა მეცხრე ადგილზეა.

„საქართველოს დაწინაურება უკავშირდება იმ რეფორმებს, რომლებიც განხორციელდა ბოლო პერიოდში. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა განკარგულება გახდა საჯარო, შესაბამისად, მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილების ნახვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. ეს ხელს უწყობს კორუფციასთან ბრძოლას, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მთავრობებისთვის, ხოლო გამჭვირვალობა თავადვე აზღვევს ხელისუფლებებს კორუფციის რისკებისგან. ჩვენ ასევე ბიუჯეტის გამჭვირვალობითაც პირველი ვართ მსოფლიოში. გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მთავარი, ძირეული პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობს დღევანდელი ხელისუფლება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.