1786001284
ლევან მახაშვილი: სტრასბურგსა და ჰააგაში მოგებული საქმეები ისე მიგვაჩნია, თითქოს ციდან დაგვეცა – მაცივარში დესერტად დაგვხვდა, ეს ხელისუფლების წარმოებული სამართლებრივი ბრძოლის შედეგია
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ლევან მახაშვილს მიაჩნია, რომ რუსეთთან დაკავშირებული თემა ხელოვნურია და საქართველოს ხელისუფლების გაშავებისთვის პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლების მიმართ პრორუსული იარლიყების მიწებება განსაკუთრებით მაშინ დაიწყო, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და რუსეთი, როგორც ბუა ფართომასშტაბიანი საკითხი გახდა.
„ეს ხელოვნურად აწეული თემაა, რათა ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ, რადგან სინამდვილეში, ამის უკან არაფერი დგას გარდა იმისა, რომ თემების არ მქონე ოპოზიციამ რაღაც სასაუბრო გააჩინოს და ხელისუფლების დისკრედიტაციას რაღაცით შეეცადოს. რუსეთი, როგორც ბუა და რუსები, როგორც ცუდები, განსაკუთრებით ტრენდული 2022 წლის შემდეგ გახდა და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ტალღის ქიმზე მოქცევას ცდილობს. ეს ყველაფერი მათი დაწყებული არ არის, ზოგადად, დიდი ხნის დაწყებულია, მაგრამ ამ თემამ განსაკუთრებული პოპულარობა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გახდა. სინამდვილეში, მათი წლების პრაქტიკა სხვას აჩვენებს, რას აკეთებდნენ 2008 წლის ომის შემდეგ, რა გადაწყვეტილებები მიიღეს და რა ნაბიჯები გადადგეს იმისათვის, რომ რუსეთისთვის ფიანდაზები დაეგოთ. როცა ორსახოვნებას ხედავ, ნათლად ჩანს, რომ საქართველოს შემთხვევაში, პრორუსული იარლიყების მიწებება ხელოვნურად აწეულია, რომ საქართველოს ხელისუფლება გააშავონ. დღეს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგსა და ჰააგაში მოგებული საქმეები ისე მიგვაჩნია, თითქოს ციდან დაგვეცა. თითქოს, გავიღვიძეთ და მოგებული საქმეები დესერტად მაცივარში დაგვხვდა. ეს იყო წლების განმავლობაში სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ წარმოებული სამართლებრივი ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. ეს შედეგია ასევე ასევე გაერო-ში, ეუთო-ში, ევროსაბჭოში თუ სხვაგან, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების და მიღებული გადაწყვეტილებების და ა.შ. როდესაც შიდა პოლიტიკური ბრძოლაა და უსამართლო ცილისწამება ხდება, ამას პასუხს ვცემთ”, – განაცხადა მახაშვილმა.










