ლევან მახაშვილი: საქართველო აგურს აგურზე დებს, რათა პარტნიორებთან ურთიერთობები ააშენოს, ამერიკაში ვიზიტიც შეგვიძლია, ერთ-ერთ აგურად წარმოვიდგინოთ

ლევან მახაშვილი

ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ნორმალურ და სამართლიან ნიადაგზე ჩვენს ურთიერთობები, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს, პარტნიორებთან ურთიერთობები ააშენოს.

„დღეს სრულიად ახალ სამყაროში ვცხოვრობთ. საქართველო იმ ქვეყნებთან, ვისთანაც პარტნიორული ურთიერთობები წარმოგვიდგენია, ჩვენ ამ ურთიერთობებს ყოველდღიურ რეჟიმში ვაშენებთ. ნულიდან, აგურს აგურზე ვდებთ, რათა ეს ურთიერთობები ავაშენოთ. ამერიკაში ვიზიტიც შეგვიძლია, ერთ-ერთ აგურად წარმოვიდგინოთ. სწორედ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ნორმალურ და სამართლიან ნიადაგზე ჩვენს ურთიერთობებს“, – განაცხადა მახაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.

ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. როგორც სამხარაძემ განაცხადა, შეხვედრაზე დაადასტურა მზაობა, დაიწყონ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე.