ლევან მახაშვილი: როგორც ჩანს, საპატიმროში ზოგიერთს გონება გაეხსნა, მაგრამ იმდენად გაიფუჭეს რეპუტაცია, ახლა რა სახელიც არ უნდა წარუდგინონ საზოგადოებას, ნორმალური მომავალი არ ექნება

ლევან მახაშვილი

როგორც ჩანს, საპატიმრო დაწესებულებებში ზოგიერთს გონება გაეხსნა, გაუნათდა და საზოგადოების წინაშე რაღაც ახალ-ახალი იდეებით წარდგნენ, ალბათ საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ ამ თემებზე ეფიქრათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, მათ რამდენჯერაც საზოგადოება ენდო, ეს ნდობა ჰაერში გაანიავეს.

„საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე, იმდენად დაიმცირეს თავი საზოგადოების წინაშე, გაიფუჭეს საკუთარი რეპუტაცია – დაწვით, შევარდნით, რევოლუციებით და ათასი უბედურებით, რომ რა სახელიც არ უნდა მოიტანონ, რა მოდალობაც არ უნდა წარუდგინონ საზოგადოებას, დარწმუნებულები ვართ, რომ ამას არანაირი ნორმალური მომავალი არ ექნება, რადგან მათ რეპუტაცია და ნდობა არ აქვთ. რამდენჯერაც მათ საზოგადოება ენდო, მათ ეს ნდობა ჰაერში გაანიავეს. ეს იდეები ახალი არ არის, წინა პრეზიდენტის მხრიდანაც ათასი იდეა გვესმოდა, რა ბედიც თითოეულ ამ იდეას ეწვია, საზოგადოება ხედავს. ეს იყო წინასაარჩევნო თამაში. ყველას თავისი როლი ჰქონდა, ზოგს რადიკალური, ზოგს ნაკლებად რადიკალური და ეს იყო ჩვეულებრივი თამაშის ნაწილი, თორემ ყველა ერთ მიზანს ემსახურებოდა, ეს იყო ჩვეულებრივი სახლობანას თამაში. რეალურად, დღესაც კარგად ვხედავთ ეს არის ერთიანი სცენარისა და ერთი ქოლგის ქვეშ მოთამაშე პოლიტიკური პარტია“, – განაცხადა მახაშვილმა.