ლევან მახაშვილი: პრემიერ-მინისტრს გაერო-ში მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა, მკაფიოდ დააფიქსირა, რომ საქართველო ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც პატივს სცემს თანასწორობის პრინციპს

ლევან მახაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

როგორც მახაშვილმა აღნიშნა, პრემიერმა მაღალი ტრიბუნიდან მკაფიოდ დააფიქსირა, რომ საქართველო იქნება მეგობარი ყველა პარტნიორთან და ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც პატივს სცემს თანასწორობის პრინციპს.

„რა თქმა უნდა, მან ისაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და სუვერენიტეტზე. აღნიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში მნიშვნელოვანია დიალოგი, კომუნიკაცია და ურთიერთპატივისცემა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ისტორიის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფოებრიობა გამოცდის წინაშე არაერთხელ დადგა, მაგრამ ყოველთვის საქართველო გამარჯვებული და გაძლიერებული გამოდიოდა. მან ხაზი გაუსვა ოკუპაციას, რადგან ეს ერთ-ერთი ეროვნული გამოწვევაა. გძელვადიანი მშვიდობა იძულებით და ძალით არ მიიღწევა, რის გამოც მნიშვნელოვანია დიალოგი. ხაზი გაუსვა შუა დერეფანში საქართველოს მნიშვნელოვან როლს და აღნიშნა, რომ რამდენიმე წელში საქართველო მრავალმილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. მაღალი ტრიბუნიდან მკაფიოდ დააფიქსირა, რომ საქართველო იქნება მეგობარი ყველა პარტნიორთან და ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც პატივს სცემს თანასწორობის პრინციპს“, – აღნიშნა მახაშვილმა.

✕