ლევან მახაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ მალავენ, ელემენტარული პროცედურების გავლაზეც კი ინსტრუქცია და დირექტივა სჭირდებათ, იმ ნაბიჯებს დგამენ, რასაც პატრონები ეუბნებიან

ლევან მახაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაწყვეტილებას თავად ვერ იღებენ და იმ ნაბიჯებს დგამენ, რასაც მათი პატრონები ეუბნებიან, მთავარია საკონსტიტუციო დავის დაწყება რომელმა გვარმა დაავალა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის სამწუხარო და ტრაგედიაა, რომ ასეთი ოპოზიცია ჰყავს.

„იმის ნაცვლად, რომ დებატები კონკრეტულ საკითხებზე იყოს, მათი ნაბიჯები იმით განისაზღვრება, თუ რა დავალებას მისცემთ ესა თუ ის ძალა უცხოეთიდან. როგორც ჩანს, მათი მხრიდან გათვლაა, რომ კარგი იქნება, თუ ეს დავა სტრასბურგში წავა და იქ ეცდებიან, გავლენების მოპოვებას და გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენას. სტრასბურგში რომ წავიდნენ, ქვეყნის შიგნით სასამართლო ინსტრუმენტები უნდა იყოს გამოყენებული. როგორც ჩანს, ეს არის გათვლა და ამას არც მალავენ. არ მალავენ, ელემენტარული პროცედურების გავლაზეც კი ინსტრუქცია და დირექტივა სჭირდებათ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც პარტიის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, „ქართულო ოცნების“ წინააღმდეგ სარჩელების შეტანა რამდენიმე ეტაპად მოხდება.