ლევან მახაშვილი: „ლელო“ საკუთარ შეცდომებს, არაეფექტიანობას და უსუსურობას სხვას აბრალებს, დარღვევებზე რაიმე მტკიცებულება თუ აქვთ, სასამართლო წესით იდავონ

ლევან მახაშვილი

კუპრაძის განცხადება მაგონებს ფრაზას, პატარძალმა ეზო ვერ დაგავა, მრუდეაო. საკუთარ შეცდომებს, არაეფექტიანობას და უსუსურობას სხვას აბრალებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილმა კომენტარი გააკეთა კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატ ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „კოალიციის წევრებზე, მაჟორიტარებზე, მერებზე, ადგილობრივ ლიდერებზე მიმდინარეობს ძალადობრივი ზეწოლა და შეტევა“.

მახაშვილის თქმით, „ლელოს“ მხრიდან საკუთარი შეცდომის სხვაზე გადაბრალება ხდება.

„არც იმაზე ვართ წინააღმდეგი, რაიმე კონკრეტული თუ უჭირავთ ხელში, მტკიცებულება და არგუმენტი, რაიმე ტიპის დარღვევას წარმოადგენენ, სასამართლო წესით იდავონ. ნაკლებად მგონია, რომ ეს რეალური და მასშტაბური პრობლემაა. აქა იქ, ზოგიერთ რაიონში შეეცდებიან, თითოეული მაგალითით წარმოაჩინონ, თითქოს ეს სისტემური პრობლემაა. სინამდვილეში, პრობლემა უნდა ეძებონ საკუთარ თავში და არა „ქართულ ოცნებაში““, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.