„ეს აქამდე არ მითქვამს...“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1753870523
ევროკომისიას გადავცემთ პაკეტს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საკანონმდებლო პროცესის, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. მათ შორის, ეს ეხება უკანონო მიგრაციის, თავშესაფრის პოლიტიკის საკითხებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ყველა ნაბიჯი იდგმება, რათა დაცული იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესები, ასევე ევროკავშირისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება.
„შეგვიძლია, საკითხი ორად გავყოთ: ერთი – ტექნიკური, მეორე კი პოლიტიკური პროცესია. რაც შეეხება ტექნიკურ პროცესს, რა თქმა უნდა, არათუ გავაკეთებთ, არამედ უკვე არაერთი ნაბიჯი გადავდგით საგაზაფხულო სესიების განმავლობაში, რათა, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები ყოფილიყო გარანტირებული. საქმე როცა ეხებოდა, მაგალითად, უკანონო მიგრაციას, თავშესაფრის პოლიტიკის საკითხებს, საინფორმაციო კამპანიას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, ამ ნაწილში არაერთი ნაბიჯი გადავდგით და ამ ინფორმაციას, როგორც საკანონმდებლო პროცესის, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, სრულად მივაწვდით ევროკომისიას ვადების შესაბამისად, რაც გათვალისწინებულია. მოსახლეობას ვარწმუნებთ, რომ ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება, რათა, ერთი მხრივ, საქართველოს ეროვნული ინტერესები იყოს დაცული, მეორე მხრივ, დაცული იყოს ევროკავშირისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებაც. პარლამენტმა ეს ინფორმაცია უკვე შევკარით. უახლოეს დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტროს მივაწვდით, რომელიც, თავის მხრივ, მთლიანად შეკრავს იმ პაკეტს, რაც უნდა გადაეცეს ეროვროკომისიას საქართველოს მხრიდან. ეს მოიცავს როგორც საკანონმდებლო პროცესს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების პრაქტიკულ საქმიანობას“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ამასთან, ლევან მახაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრემიერის განცხადებაზე, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, ესაუბროს ევროპულ სტრუქტურებს ყველა თემასთან დაკავშირებით, რაზეც მახაშვილმა აღნიშნა:
„პოლიტიკურ პროცესს რაც შეეხება, არ არის ახალი, როდესაც იმის ნაცვლად, რომ დიალოგისთვის გაწვდილ ხელს შეაგებონ ასევე დიალოგისთვის გამოწვდილი ხელი, დავსხდეთ მაგიდასთან და ვისაუბროთ, უსტარებით, დეპეშებითა და ევროპარლამენტის რეზოლუციებით გველაპარაკებიან. ეს არ არის ის გზა და ნაბიჯი, როგორც უნდა ესაუბრო პარტნიორს. პარტნიორს, რომელსაც აფასებ და რომელთან ურთიერთობაც შენთვის სულერთი არ არის. ჩვენ კიდევ ერთხელ სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ სამართლიანობის, თანასწორუფლებიანობის პრინციპის საფუძველზე დავსხდეთ და ყველა საკითხი გავიაროთ, რომელიც ორივე ჩვენგანს გვაღელვებს, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ურთიერთობები ნორმალურ ჩარჩოებში დავაბრუნოთ. ისე არა, რომ ეს მინდა და ეს უნდა გააკეთო“.