ლევან მახაშვილი ჰერჩინსკისა და დანიგანის განცხადებებზე: ვისურვებდი, რომ არა თუ ნავთს ასხამდნენ დაძაბულ სიტუაციაში, არამედ სწორი ინფორმაციით და აქცენტებით ხელს უწყობდნენ საერთო საზოგადოებრივ კონსენსუსს და სიმშვიდეს

ლევან მახაშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „დღის ქრონიკაში“ საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების განცხადებები შეაფასა, რომლებითაც ისინი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ.

მახაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი რომელიმე კონკრეტული სახელითა და გვარი არც დაწყებულა და არც დასრულდება.

„ეს არის მრავალწლიანი მცდელობა, საერთო სახელმწიფოებრივი ძალისხმევა, მათ შორის ბოლო 12 წლის განმავლობაში ძალიან აქტიური, შედეგზე ორიენტირებული, კონკრეტული მიღწევებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიმდინარე პროცესი, რომელიც კიდევ შემდგომი წლების განმავლობაში იმ კულმინაციამდე მივა, რომ 2030 წლისთვის საქართველო იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის.

ამ პროცესში მე ვისურვებდი, რომ მსგავსი ერთთავად, მანიპულაციური განცხადებებით არა თუ ნავთს ასხამდნენ მსგავს დაძაბულ სიტუაციაში, არამედ პირიქით, მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ სწორი ინფორმაციით, სწორი აქცენტებით და ინტერპრეტირებით ხელს უწყობდნენ იმას, რომ იყოს საერთო საზოგადოებრივი კონსენსუსი და სიმშვიდე სახელმწიფოში”, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი და ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება.