ლევან მახაშვილი: გახარიას პარტიის პარლამენტში შემოსვლა სწორია, მაგრამ ვერ დავივიწყებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ერთწლიან გალაშქრებას, რომელიც პოლიტიკურ შეცდომაზე უფრო მეტია

ლევან მახაშვილი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ გახარიას პარტიის წევრებმა პარლამენტსა და საკრებულოებში თავიანთი ადგილები დაიკავონ.

მახაშვილის შეფასებით, მანდატების არგამოყენება არა მხოლოდ არასწორი გადაწყვეტილება, არამედ მძიმე პოლიტიკური შეცდომა და სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული იყო.

„ეს იყო ისეთი გადაწყვეტილება, რაც შეცდომისა და დანაშაულის ზღვარზე გადის. იმის გათვალისწინებით, რომ იცოდნენ, როგორ ჩატარდა არჩევნები და, ფაქტობრივად, პარლამენტში იყვნენ, რადგან მანდატებზე უარი არ თქვეს, მათი პოზიცია უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკური შეცდომა. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟი და საზოგადოების წინააღმდეგ გალაშქრება, რადგან პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაციაზე შეგნებულად წავიდნენ, თორემ, რა შეიცვალა? ერთი წლის წინ რა იყო და ახლა რა არის? პარლამენტში რომ შემოვლენ, რას გააკეთებენ ისეთს, რასაც გარედან ვერ აკეთებდნენ? შემოსვლა სწორია, მაგრამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ერთწლიან გალაშქრებას ვერ დავივიწყებთ. მათი ქმედება უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკური შეცდომა. ეს დანაშაულია სახელმწიფოს წინააღმდეგ. ისინი ობსტრუქციის გზაზე შეგნებულად წავიდნენ და ამიტომ არ არის მხოლოდ შეცდომა, ეს საზოგადოების წინაშე დანაშაულის ზღვარზე გადის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტისა და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე.