ლევან მახაშვილი: ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს ჩორჩანას საკითხზე და სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსასრულებლად, რომელიც 19-20 ივნისის მოვლენებს ეხებოდა

ლევან მახაშვილი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა გადადგეს ნაბიჯები, რათა აღასრულონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა 19-20 ივნისის მოვლენებს.

მისივე თქმით, პოლიტიკური შეფასებებისთვის სივრცე ნაკლებია და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

„რაც შეეხება ჩორჩანას კომპონენტს, აქ კიდევ ერთხელ საზოგადოებამაც ბევრი რამ ნახა, ბევრი რამ მოისმინა, თავად მისგანაც მოისმინა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. სწორედ ეს მოკვლევა და განცხადებები დაედო საფუძვლად ამ პროცესს. ეს არის სამართლებრივი პროცესი და ვნახავთ პროკურატურის შემდგომ ნაბიჯებს, მათ შორის ექსტრადირებაზეც დაისვა კითხვები. ეს სრულად პროკურატურის გადასაწყვეტია, დაველოდოთ. თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, პროკურატურა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, ოღონდ ეს მათი გადასაწყვეტია. დაველოდოთ განვითარებას“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანის ეპიზოდებს.