ლევან მახაშვილი: აპრილის ბოლომდე საპარლამენტო ფორმატში შევისწავლით ფასების კლების პროცესს, თუმცა შესაძლებელია, კონკრეტული შედეგები უფრო ადრეც ვიხილოთ

ლევან მახაშვილი

ჩვენი ამოსავალი წერტილია, კარგად გავაანალიზოთ, რაშია პრობლემა, კარგად დავინახოთ, სად არის რეალური შესაძლებლობა ფასების დაწევის კუთხით და ამ მიმართულებით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ინსტრუმენტები ეტაპობრივად გამოვიყენოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ სტილი ბიზნესის დაჩეხა არ არის.

„ყველა ჩვენგანს აინტერესებს, როდის დაიწყება ფასების კლების პროცესი. სამთავრობო ფორმატი იყო შესაძლებლობა, რეალური პრობლემების შესწავლა მომხდარიყო, თუ სად არის გამოწვევები, როგორ შეიძლება გამოსავლის მოძებნა. საპარლამენტო ფორმატიც სწორედ ამას ემსახურება, ოღონდ ამჯერად საჯაროდ, მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე. ამის პარალელურად უკვე დაიწყება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, იქნება ეს ანტიმონოპოლიური გამოსავალი, სხვა შეზღუდვები თუ რეგულაციები, რომელიც ბიზნესს და ყველას თანასწორი თამაშის წესების ჩარჩოს ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემს. ყველას შეეძლება რომ სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადადგან. ეს პერიოდი დასჭირდა და ალბათ რამდენიმე კვირა კიდევ დასჭირდება, რომ ამ პრობლემის ანალიზი მოხდეს.

ყველაზე მარტივია, აიღო ნაჯახი და ნაჯახის წესით დაჩეხო ბიზნესი, რაც ჩვენი ხელისუფლების სტილი არ არის, ეს, პირიქით, უფრო ცუდ შედეგებს მოიტანს, ეკონომიკას საერთოდ დაანგრევს. ამიტომ ჩვენი ამოსავალი წერტილია, კარგად გავაანალიზოთ, რაშია პრობლემა, კარგად დავინახოთ, სად არის რეალური შესაძლებლობა ფასების დაწევის და ამ მიმართულებით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ინსტრუმენტები ეტაპობრივად გამოვიყენოთ. მოლოდინია, რომ შემდგომი კვირების განმავლობაში საპარლამენტო ფორმატში კარგად იქნება შესწავლილი ეს პროცესი და გავაანალიზებთ კიდეც აპრილის ბოლომდე, მაგრამ უფრო ადრეც უკვე შესაძლებელი იქნება, რომ კონკრეტული შედეგები ვიხილოთ ფასების კლების კუთხით“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.