ლევან მაჭავარიანი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: აქ არაფერი ყოფილა ჩვენთვის მოულოდნელი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დადგინდა - ეს იყო ძალადობრივი აქცია, ეს იყო შტურმის მცდელობა პარლამენტზე

ლევან მაჭავარიანი

აქ არაფერი ყოფილა ჩვენთვის მოულოდნელი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დადგინდა, ეს იყო ძალადობრივი აქცია, ეს იყო შტურმის მცდელობა პარლამენტზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის თქმით, ასევე დადგინდა ის, რომ სრული ლეგიტიმაცია ჰქონდა პოლიციას, რათა სპეციალური საშუალებები გამოეყენებინა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, დადგინდა ისიც, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერები იყვნენ წამქეზებლები ამ ყველაფრის, რაც ჩვენთვის არანაირი სიახლე არ არის. იგივე დესტრუქციულ რეჟიმში აგრძელებენ ისინი მოღვაწეობას. ასევე დადგინდა ის, რომ კითხვის ნიშნები არსებობს ჩატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. კერძოდ, ამ შემთხვევაში პროპორციულობასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენება მოხდა იმ ადამიანების მიმართაც, რომლებიც არ იღებდნენ მონაწილეობას ძალადობრივ აქციებში. სწორედ ეს არის, რასაც ჩვენი მართლმსაჯულება ედავება ბატონ გახარიას და სწორედ ამ მიმართულებით არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული ბატონი გახარიას წინააღმდეგ.

გრძელდება ტენდენცია, რაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, ფაქტობრივად აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლო ადგენს იმას, რომ ჩვენი მართლმსაჯულება მოქმედებს ძალიან მაღალი სტანდარტით და ეჭვქვეშ არ აყენებს სასამართლო იქნება თუ პროკურატურა, გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

2019 წლის 20-21 ივნისის აქციის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა.