ლევან მაჭავარიანი სალომე ზურაბიშვილის ინციდენტზე: ეს არის ორმაგი სტანდარტი. როდესაც მოსამართლეებს კვერცხებს ესროდნენ, ჩვენ დიპკორპუსის მხრიდან ვერანაირ დაგმობას ვერ ვხედავდით

ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სალომე ზურაბიშვილის ინციდენტს ეხმიანება და აცხადებს, რომ გმობს მსგავს ქმედებებს, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ როდესაც მოსამართლეებს კვერცხებს ესროდნენ, დეპუტატების ოჯახის წევრებს აბულინგებდნენ დიპლომატიური კორპუსის მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა.

„ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი, როდესაც ჩვენ ვერანაირ დაგმობას დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ვერ ვხედავდით, მაგალითად მოსამართლეებს კვერცხებს ესროდნენ, დეპუტატების ოჯახის წევრებს აბულინგებდნენ, ისევ ის კამპანიები უნდა გავიხსენო - 84 ტყვია კეფაში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაფერი არ მოგვისმენია ელჩების მხრიდან, არაფერი არ მოგვისმენია დიპლომატიური კორპუსის მხრიდან. რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზე რაც ვიხილეთ ძალიან ცუდი სანახავია და ამას ჩვენ ვგმობთ, მნიშვნელობა არ აქვს ეს კვერცხებით იქნება თუ სხვა ნივთებით. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ გვარამიას ახსნილი აქვს ჩვენთვის, რომ თურმე ევროპული სტანდარტი არის კვერცხების დაშენა ადამიანზე, კვერცხების სროლა და კვერცხებით შემკობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ, მნიშვნელობა არ აქვს ვისი მხარდამჭერები არიან“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ, გმობენ აეროპორტში მომხდარს, რა დროსაც ზურაბიშვილს კვერცხები ესროლეს.