ლევან მაჭავარიანი: რომ შეეკითხოთ მოქალაქეს რას აპროტესტებს, თითქოს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა სვლა ევროკავშირისკენ, ჩვენ უბრალოდ დღის წესრიგიდან მოვხსენით ის, რომ ხვეწნა-მუდარის რეჟიმში ვყოფილიყავით

ლევან მაჭავარიანი აქცია

„რომ შეეკითხოთ მოქალაქეს რას აპროტესტებს, აპროტესტებს თითქოს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეაჩერა სვლა ევროკავშირისკენ... ჩვენ უბრალოდ დღის წესრიგიდან მოვხსენით ის, რომ ხვეწნა-მუდარის რეჟიმში ვყოფილიყავით“, - უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა, „კურიერთან" კიდევ ერთხელ განმარტა "ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება.

მისივე განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მეშვეობით, "ქართულმა ოცნებამ" შიდა და გარე აქტორებს შანტაჟის მექანიზმი გამოაცალა:

„ბატონმა კობახიძემ ერთი კვირის წინ რა ბრიფინგიც ჩაატარა, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს აქციაზე იმყოფებიან, მათ ძალიან დიდ ნაწილს ეს ბრიფინგი ან არ მოუსმენიათ, ან ეს განცხადება არ წაუკითხავთ და შემოიფარგლებიან მხოლოდ იმ ნარატივით, რასაც რადიკალური ოპოზიციური პარტია სთავაზობს მათ, ან იმ ჰედლაინებით, რა ჰედლაინებიც არის "ფეისბუკ" გვერდზე. რომ შეეკითხოთ მოქალაქეს რას აპროტესტებს, აპროტესტებს თითქოს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეაჩერა სვლა ევროკავშირისკენ. ბატონ კობახიძეს ამასთან დაკავშირებით არცერთი სიტყვა არ უთქვამს, ჩვენ უბრალოდ ვთქვით ის, რომ გაორმაგებული ძალებით ვაგრძელებთ წინსვლას ევროკავშირისკენ, რისი ძირითადი გზამკვლევიც არის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, რისი 50% ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს, ამას მონიტორინგს უწევს ევროკომისია და რისი 90%-ზე მეტი შესრულებული გვექნება 2028 წლისთვის. ჩვენ უბრალოდ დღის წესრიგიდან მოვხსენით ის, რომ ჩვენ, ხვეწნა-მუდარის რეჟიმში ვყოფილიყავით - იქნებ მოლაპარაკებები გაგვიხსნათ. ხოლო, მას შემდეგ, რაც 2028 წელს ჩვენ ეს ყველაფერი შესრულებული გვექნება, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დავაყენებთ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, რაზეც ასე მარტივად უარს ვერ გვეტყვიან, რადგანაც დანარჩენი ვალდებულებები შესრულებული იქნება. შეგახსენებთ, რომ 2030 წელი არის ის წელი, რიდესაც ევროკავშირს ოფიციალურად აქვს გაცხადებული და დადასტურებული, რომ 2030 წლამდე იგი არ აპირებს ახალი წევრების მიღებას.

რატომ ვთქვით 2030 წელი, იქიდან გამომდინარე, რომ მოლაპარაკებები იხსნება, ამ მოლაპარაკებების დასრულებას სჭირდება წელიწად ნახევარი, მაქსიმუმ ორი წელი. ჩვენ ვიქნებით ყველაზე მომზადებული ქვეყანა დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით.

ამით ჩვენ უბრალოდ გამოვაცალეთ შანტაჟის მექანიზმი შიდა და გარე აქტორებს. ძალიან სამწუხაროა ის, რომ საზოგადოების ამ განწყობას ხელს უწყობს არამხოლოდ ეს შიდა აქტორები და მათი მედია, არამედ გარკვეული აქტორები ევროკავშირიდანაც. მათ შორის, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ევროკავშირის მოქმედი ელჩიც ამას ხელს უწყობს. ვინაიდან, მანაც ასეთი ტიპის განცხადება გააკეთა, რომ თითქოს "ქართულმა ოცნებამ" თავისი განცხადებით შეაჩერა ევროპისკენ სვლა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.