ლევან მაჭავარიანი ლილუაშვილის დაკავებაზე: ეს პოლიტიკური დარტყმაა ჩვენი გუნდისთვის, თუმცა ვართ პასუხისმგებლები საზოგადოების წინაშე და შესაბამისად, ვალდებულები ვართ, სადაც ასეთი ნიშნები იკვეთება, მოვახდინოთ რეაგირება

ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას ეხმაურება.

მისი თქმით, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური დარტყმაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც პასუხისმგებლობიანი გუნდი საზოგადოების და ქვეყნის წინაშე აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ.

„საზოგადოება ხედავს თუ როგორი უკომპრომისო ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, კორუფციის წინააღმდეგ. ბატონი ლილუაშვილის დაკავება სწორედ ამაზე მეტყველებს. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება. რა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკური დარტყმა ჩვენი გუნდისთვის, თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ჩვენი საზოგადოების წინაშე, ქვეყნის წინაშე და შესაბამისად, რა თქმა უნდა ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სადაც ასეთი ნიშნები იკვეთება წარსული იქნება, აწმყო თუ მომავალი აუცილებლად ყველაფერზე მოვახდინოთ რეაგირება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობას, საიდანაც მიღებული თანხით ფინანსდებოდა ოპოზიცია.