ლევან მაჭავარიანი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დროებითი გადაწყვეტილებაა მიღებული, როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს ბრიუსელსა და სტრასბურგში, მერე შევუდგებით საპარლამენტო მუშაობას

ლევან მაჭავარიანი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით დროებითი გადაწყვეტილებაა მიღებული, დარწმუნებულები ვართ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში საღმა აზრმა გაიმარჯვა, ისე გაიმარჯვებს საღი აზრი ბრიუსელში და სტრასბურგშიც, მერე შეუდგება ჩვენი დელეგაცია საპარლამენტო მუშაობას „პასე“-ში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ევროსაბჭოს წევრ ქვეყნად რჩება.

„საქართველო ევროსაბჭოს წევრ ქვეყნად რჩება. მათ ცნეს ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება, უბრალოდ, ამ ყველაფერს მოჰყვებოდა რაღაცა დათქმები, რომელიც ჩვენთვის არის მიუღებელი. პირველ რიგში, წითელი ხაზი არის ის, რომ გვთხოვენ, ახალი არჩევნების ჩატარებას. ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა, რა თქმა უნდა, ეროვნულ თავმოყვარეობას რისი დეფიციტიც სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს გააჩნიათ. არჩევნები საქართველოში ძალიან მაღალი სტანდარტებით ჩატარდა. დღემდე ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანეს, რომ იყო 300 ათასი ხმის გაყალბება. აქ კითხვის ნიშანი არ არსებობს. იქ ვნახეთ ძალიან ბევრი გამომსვლელი, რომელიც უაპელაციოდ, ყველანაირი მტკიცებულების და ფაქტის გარეშე მაინც გვადანაშაულებს არჩევნების გაყალბებაში და ჩვენგან ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. შესაბამისად, ჩვენ ფიზიკურად სხვა გზა არ გვქონდა დარჩენილი. ჩვენ ვართ ღირსეული და თავმოყვარე ქვეყანა და გადავდგით ეს ნაბიჯი, ჩვენი სურვილით უარი ვუთხარით. ეს არის დროებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან დარწმუნებულები ვართ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს საღი აზრი საბოლოო ჯამში, ბრიუსელშიც და სტრასბურგშიც და შესაბამისად, მერე შეუდგება ჩვენი დელეგაცია საპარლამენტო მუშაობას „პასე“-ში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ოპოზიციის სურვილი და ნატვრა იყო, „პასე“- ში ქართული დელეგაციის უფლებამოსილება არ ეცნოთ, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

ლევან მაჭავარიანის თქმით, ის დათქმები, რაც უფლებამოსილების ცნობას მოაყოლეს ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში უპატივცემულობაა, რასაც ქართული მხარე უპასუხოდ ვერ დატოვებდა.

„ტექნიკური კუთხით უარყოფითი მხარე, რომ ჩვენ რამეში უკან დავიხიეთ ასეთი ფიზიკურად არაფერია. რა თქმა უნდა ჯობდა, დათქმების გარეშე ყოფილიყო ცნობილი ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება და მუშაობა გაგვეგრძელებინა. ვინაიდან ჩვენ სტრასბურგში დამატებითი ტრიბუნა გვექნებოდა. გასაკვირი არ არის ოპოზიციის ზარ-ზეიმი. ისინი მოწადინებულები იყვნენ, მათი წერილიც და მათი გარე მფარველების აქტიური ჩარევა და მუშაობაც ცხადყოფს, რომ მათი სურვილი და ნატვრა იყო, ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება PACE-ში არ ეცნოთ. თუმცა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება ცნეს, მაგრამ ის დათქმები, რაც ამას მოაყოლეს არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში უპატივცემულობა, ამას უპასუხოდ ვერ დავტოვებდით. ეროვნული თავმოყვარეობიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ“, – განაც ხადა ლევან მაჭარაშვილმა.