ლევან მაჭავარიანი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტზე: სრულიად გაიფანტა ოპოზიციის ჭორაობა, რომ თითქოს 6-მილიარდიანი ინვესტიცია „ქართული ოცნების“ მითი იყო

ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი მედიასთან შეაფასა.

„სრულიად გაიფანტა ოპოზიციის ჭორაობა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს 6-მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მითი იყო. ჩვენ შეიხისგან მოვისმინეთ, რომ კონკრეტულად ეს ჯგუფი, უახლოეს დღეებში იწყებს ამ ინვესტიციის განხორციელებას. ჯამური ინვესტიცია 6 მილიარდ დოლარს აღემატება, რომელიც ერთი წყაროდან უპრეცედენტო ინვესტიციაა. ასეთი ინვესტიცია საქართველოში არ ყოფილა.

მოხარულები ვართ, რომ ასეთი მჭიდრო ურთიერთობა არის ჩვენსა და საამიროებს შორის. მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, რომ ეს 6 მილიარდი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, ვინაიდან ეს იქნება ტრიგერი და წამახალისებელი ძალიან მსხვილი ჯგუფებისთვის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. საამიროების პრეზიდენტი და დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა.