უაქციზო სიგარეტის წარმოების საქმე - ოთხ ბრალდებულს შორის ერთ-ერთი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი, მეორე კი მისი დაცვის ყოფილი წევრია

დაკავება

უაქციზო სიგარეტის წარმოების საქმე - გამოძიების ინფორმაციით, არალეგალურ ქარხანაში უაქციზო სიგარეტის წარმოებაში ორგანიზებული ჯგუფი იყო ჩართული. ოთხ ბრალდებულს შორის ერთ-ერთი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი, მეორე კი მისი დაცვის ყოფილი წევრია. უწყების ინფორმაციით, ბურჭულაძის ოჯახის წევრმა  კომპანიები 2023-მ წელს დააფუძნა და გორში სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა მოაწყო. მასთან ერთად დაკავებულები არიან საწარმოს დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომლის ადვოკატიც აღკვეთი ღონისძიების შეფარდებამდე დეტალებზე არ საუბრობს.

ქარხნიდან საგამოძიებო სამსახურმა ორ მილიონამდე ღირებულების უაქციზო სიგარეტი ამოიღო. გამოძიება ამბობს, რომ მეტი სარგებლის მისაღებად, ბრალდებულები სიგარეტის დასამზადებლად ცნობილი უცხოური ბრენდის დასახელებას და სასაქონლო ნიშანს იყენებდნენ. დალუქულია 324 000-მდე კოლოფი კარელია.

ორგანიზებული ჯგუფის წევრებს არალეგალურ ქარხანაში სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა ჰქონდათ. მოწყობილი იყო დაზგები და სიგარეტის დაფასოებისთვის საჭირო ინვენტარი.

დაკავებულებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.